ლარში გაცემული სესხები გაძვირდა
2025 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.64% იყო, 2024 წლის აგვისტოში კი 13.21%.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აგვისტოში ზრდა უფრო მეტად ლარში აღებულ კრედიტებს შეეხო. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, გასულ თვეს საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.80%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14.85%-ს. მათ შორის, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 11.44%-დან 13.34%-მდე მოიმატა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 17.23%-დან 17.80%-მდე.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს, აქ ზრდა ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს შეეხო, იურიდიულების შემთხვევაში კი შემცირდა. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის აგვისტოში ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები 8.62%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 7.55%-ს.
ამასთან, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი 9.66%-დან (2024 წლის აგვისტო) 9.56%-მდე შემცირდა (2025 წლის აგვისტო).
რაც შეეხება სესხების მოცულობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 66.76 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 642 მილიონი ლარით (0.97%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.00% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.81% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 351.57 მლნ ლარით (0.92%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 290.43 მლნ ლარით (1.04%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.10%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.77 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.17%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.97 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.86%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94 %-ით მეტი).
2025 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.12%-ით, ანუ 381.86 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 34.59 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.59% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.027 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით).

