ძველი შუამთა – ულამაზესი ადგილი თელავში რომელიც უნდა ნახოთ
ძველი შუამთა ქართული მართლმადიდებლური მონასტერი კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.
სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა; VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.
მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით — მოხატული. შემონახულია ქტიტორთა პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორივე ეკლესია ერთდროულადაა აგებული შუამთის მონასტრის წინამძღოლის მიერ, რომელმაც პატარა ეკლესია თავისი განმარტოებისათვის ააგო. ამ ეკლესიის ქვეშ განთავსებულია საძვლე.