საქსტატი- 7 თვეში გაზის მოხმარება 5%-ით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 7 თვეში საქართველოში თითქმის 1.8 მილიარდი მ3 გაზი მოიხმარეს. აქედან 220 მლნ მ3 მეტრი თბოსადგურების მოხმარებაა.
2024 წელთან შედარებით გაზის მოხმარება 5%-ით არის გაზრდილი, თუმცა თბოსადგურების მიერ მოხმარებული გაზი შემცირებულია.
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 236.5 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა. წლიურ ჭრილში იმპორტი თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. საქართველოს გაზის ორი მომწოდებელი აზერბაიჯანი და რუსეთი ჰყავს. სწორედ ამ ორი ქვეყნიდან იმპორტირებულ გაზს მოიხმარს ქვეყანა.
2025 წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანულ გაზში თითქმის 125 მლნ დოლარია გადახდილი, რუსულში – 111.6 მლნ დოლარი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელსაც გაგრძელდა რუსეთიდან იმპორტის ზრდის, ხოლო აზერბაიჯანიდან კლების ტენდენცია. კერძოდ, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 6%-ით შემცირდა, რუსეთიდან კი 26%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება 2024 წელს, სემეკის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი (ოფციური და დამატებითი გაზის გარეშე) 775 მლნ მ³-მდე შემცირდა. რუსეთიდან გაზის იმპორტი კი 788 მლნ მ³-მდე გაიზარდა, 2023 წელთან შედარებით კი, რუსული გაზის იმპორტი 32%-ით არის გაზრდილი.

