ახალი ამბები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია-შესაძლოა საქართველოში ექთნების და ექიმების დეფიციტი შეიქმნას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოელის რომ 2030 წელს ევროპაში მილიონამდე სამედიცინო კადრის დეფიციტი იქნება. ანგარიშში, რომელსაც ჯანმო აქვეყნებს საქართველოში ექთნების მწვანე დეფიციტზე და კვალიფიციური ექიმების ემიგრაციაზე წერს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა 1:1-ზეა, პირველადი ჯანდაცვის რგოლში კი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმედაა, აქ ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდის.

სამედიცინო სფეროს იურისტი ნინო კიკნაძე ამბობს, რომ ექთნების მწვანე დეფიციტის მიზეზი განვითარების პერსპექტივის არ არსებობა და დაბალი ანაზღაურებაა. ხოლო რაც შეეხება ექიმებს, მისი შეფასებით, კვალიფიციური ექიმების ემიგრაციაში წასვლის მიზეზი ხშირად საქართველოში განათლების დაბალი ხარისხია, რა მიმართულებითაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

“ნებისმიერ ქვეყანაში მთავარი, წამყვანი ძალა ექთანია. ექიმი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ერევა, ეს არის დიაგნოზის დასმა თუ პაციენტის მართვა, მაგრამ რაც შეეხება მოვლას და ყოველდღიურ რუტინას, ეს გადადის ექთნის კისერზე. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან დაბალია ექთნების ანაზღაურება, ამიტომ ექთნების გადინება ხდება საზღვარგარეთ. ხშირ შემთხვევაში ისინი ხან ბინაზე მუშაობენ მომვლელებად და ხან კვალიფიკაციას იმაღლებენ და იქ კლინიკებში მუშაობენ.

ასევე დეფიციტია კვალიფიციური ექიმების და ამას იქამდე მივყავართ, რომ განათლება არ არის ადეკვატური და ასევე არ ხდება უწყვეტი პროფესიული განათლება ისე, როგორც საჭიროა. სახელმწიფო არ ითხოვს ყველა სპეციალობაში, რომ მუდმივად აიმაღლოს ექიმმა ცოდნა და მერე მოხდეს ამის შემოწმება. ექიმსაც ძალიან ხშირად ამის დრო არ აქვს, იმიტომ რომ სხვა რუტინულ რაღაცებშია ჩართული, მაგალითად ქაღალდის საქმის წარმოება.

აქაც მივდივართ განათლებამდე, რომელიც ასევე ეხება სამედიცინო სფეროს მენეჯერებსაც, ეს ადამიანები უნდა იყვნენ ის ხალხი, ვინც სწორად გადაანაწილებს ფუნქციებს და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ექთანს და ექიმს ეს საქმე არ ჰქონდეს საკეთებელი და ამისთვის ცალკე ადმინისტრატორი არსებობდეს და ამით ალბათ მეტად შეიცვლება მომსახურების ხარისხიც,”- ამბობს სამედიცინო სფეროს იურისტი ნინო კიკნაძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად ქართველი ახალგაზრდა ექიმები რეზიდენტურაზე გაერთიანებულ სამეფოში ან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, ან გერმანიაში სტაჟირებას ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალთან გადიან. საბერძნეთი და ისრაელი ასევე პოპულარული დანიშნულების ქვეყნებია. ჯანმოს მონაცემებით, 2021–2022 წლებში საქართველოში განათლებამიღებული 770 ექიმი მუშაობდა ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში, საიდანაც ყველაზე მეტი გერმანიაში დასაქმდა.