ახალი ამბები

წინასწარი პროგნოზით, წელს ყურძნის მოსავალი 200-250 ათას ტონა იქნება

“ოცნების” მთავრობაში “რთველი 2025”-ის ფარგლებში წელს 200-250 ათასი ტონა ყურძნის მოსავლის აღების მოლოდინი აქვთ. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად ჩაიბარებს, რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

„გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათას ტონა და იმისათვის რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში, რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.