ახალი ამბები

“მოსავლის მართვის კომპანია” სახელმწიფოსგან ₾50 მლნ-ის სუბსიდიას მიიღებს – მთავრობის განკარგულება

მთავრობამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მოსავლის მართვის კომპანიისთვის 50 მლნ ლარის სუბსიდიის გადაცემა დაავალა, რის შესახებაც განკარგულება გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, სააგენტომ, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებიდან“ არაუმეტეს მოსავლის მართვის კომპანიის ანგარიშზე სუბსიდიის სახით 50 მლნ ლარი უნდა მიმართოს.

“მოსავლის მართვის კომპანია” 2025 წლის რთველზე 40-50 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვასა და გადამუშავებას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული განცხადების თანახმად, კომპანია ხელშეკრულებებს გააფორმებს კახეთის რვა რაიონში მდებარე 25-მდე ღვინის ქარხანასთან, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ჩაბარების პროცედურას. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სწორედ რთველის სუბსიდიაზე მოდის.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში, რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.