ახალი ამბები

რა მდგომარეობაშია კახეთში ტყეები და არის თუ არა სტიქიების საფრთხე რეგიონში

გახშირებული სტიქიების ფონზე, ტყეების მდგრადი და კომპლექსური მართვის აუცილებლობა სულ უფრო აქტუალური ხდება. გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტყეების უმეტესი ნაწილი გაჩეხილი, ნაწილი კი ეროზირებულია.

მათი თქმით, ყოველ წელს ბუნებრივი კატასტროფების შემცირების და გარემოს დაცვის კუთხით დიდი რაოდენობით თანხა იხარჯება, თუმცა პრობლემა არ გვარდება, რადგან მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები უკვე არსებული პრობლემის მოგვარებაზეა მიმართული და არ ხდება სტიქიებთან ან არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან კომპლექსური ბრძოლა.

რა პრობლემებია აღნიშნული კუთხით საქართველოს ტყეებში, რა მდგომარეობაშია კახეთის ტყეები, რა სტიქიების განვითარების საფრთხე არსებობს და როგორ უნდა მოხდეს რისკების შემცირება, ამ საკითხზე knews.ge-მ ინტერვიუ CENN-ის დირექტორის მოადგილესთან, რეზო გეთიაშვილთან, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

-როგორ ხდება დღეს ტყეების მართვა, ხდება თუ არა ტყეებით არამდგრადი და არასწორი სარგებლობა, რა პრობლემები და გამოწვევებია ამ კუთხით?

-როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტყეებზე, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევარზე და მთავარ ბუნებრივ რესურსზე, რაც გვაქვს. სამწუხაროდ ამ რესურსს რომ ვერ ვითვისებთ, ეს ისტორიამაც კარგად გვაჩვენა. რა მდგომარეონაშია ტყეები ესეც კარგად ჩანს, თუმცა, დღევანდელ სიტუაციას თუ შევაფასებთ, უნდა გამოვყოთ ორი საკითხი: ერთი ის, რომ დღეს მიმდინარეობს საკმაოდ მძლავრი სატყეო რეფორმა, ფაქტობრივად ვქმნით ახალ სატყეო სისტემას და მეორე მხრივ კი, გვაქვს მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა. ჩვენი ტყეები არ არის კარგ მდგომარეობაში, ის ფაქტორები, რამაც ტყეების დეგრადაცია გამოიწვია, სამწუხაროდ დღემდე მოქმედებს.

საბჭოთა პერიოდში ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი სატყეო სკოლა, მართვის სისტემაც და ასევე ტყეებიც კარგ მდგომარეობაში იყო. 90-იანი წლებიდან დაიწყო უსისტემო ჭრები და კორუფცია. მაშინ ტყეებმა შეასრულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, მან არამარტო გაგვათბო, არამედ მოგვცა შემოსავალი, საკვები და ეს გახდა ჩვენი საარსებო წყარო, რადგან სხვა აღარ გვქონდა. მთავარი, რაც ამ დროს დაიწყო, ეს არის ტყეების ენერგეტიკული ათვისება, რადგან გაჩნდა ენერგეტიკული კრიზისი და ჩვენ მოგვიწია ტყეების გამოყენება გათბობის მიზნით. ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა უმნიშვნელოდ.

ამის შემდეგ იყო 2000-იანი წლები და ჩატარებული ექსპერიმენტები, რომელიც იყო დადებითიც, მაგრამ სამწუხაროდ იყო დაშვებული ძალიან ბევრი შეცდომა და მთავარი პრობლემა იყო არათანმიმდევრობა. მაშინ ყველაფერი იქცა ექსპერიმენტად, რადგან გვქონდა ლიბერალური პოლიტიკა, შემოვიყვანეთ კერძო ინვესტორები, მოხდა დივერსიფიცირება, ტყეების გადაცემა.

ცოტა უფრო პროგრესული პერიოდი იწყება ამ კუთხით 2013 წელს, როდესაც პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ეროვნული სატყეო კონცეფცია და, ფაქტობრივად, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო რეფორმა. ეს პროცესი გაჭიანურდა, თუმცა 2020 წელს, ჩვენ მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი და მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლთაც შესრულებისათვის შესამუშავებელია სხვადასხვა ინსტრუმენტები. მანამდე კი, მთავარი პრობლემა რჩება პრობლემად, ეს არის უზარმაზარი ენერგეტიკული ზეწოლა, მათ შორის კახეთის ტყეებზე, სადაც ჩვენ 2022-2023 წლებში ვატარებდით კვლევას და როგორც რეგიონულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე აღმოჩნდა, რომ არის უზარმაზარი დეფიციტი სათბობი რესურსების. პროპორცია ასეთია, რომ დაახლოებით, რეგიონულ დონეზე ის მოთხოვნა, რომელიც არსებობს შეშაზე, კმაყოფილდება მხოლოდ 40% და დეფიციტია 60%. ზუსტად ეს 60% არის გაურკვეველი წარმოშობის შეშა. როცა ჩავედით მუნიციპალურ და სააუზო დონეზე, ჩვენ ვნახეთ, რომ რიგ მუნიციალიტეტებში გვაქვს უფრო მძიმე მდგომარეობა, რიგ შემთხვევებში 80%-იანი დეფიციტი.

-როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს ამ კუთხით არსებული პრობლემები?

-მდგრადი მართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ტყიდან გამოვიტანოთ მხოლოდ ის მოცულობა მერქნის, რა მოცულობის მოცემაც შეუძლია ტყეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ გამოგვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე ტყის პოტერნციალია. რეალურად გამოგვაქვს ორჯერ და სამჯერ მეტი. ეს პროპორცია არის დრამატული და ტყეების შეუქცევადი დეგრადაცია.

როცა ვსაუბრობთ ტყეების მართვაზე და ვგულისხმობთ მის იზოლირებულად მართვას. თუ შევეხებით მარტო სატყეო სექტორს და გარემოსდაცვით სექტორს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს ნამდვილად დიდი რეფორმა : ეს არის სატყეო მეურნეობების და საქმიანი ეზოების შექმნა, სოციალური ჭრების შემცირება. მაგრამ თუ ამას განვიხილავთ კომპლექსურად და შევაფასებთ როგორ იდგმება თანხვედრი ნაბიჯები, მათ შორის ენერგეტიკული მიმართულებებით, სოციალურ სექტორში, ბუნებრივი კატასტროფების მართვის სექტორში, ეკონომიკის სექტორში, ჩვენ დავინახავთ, რომ თანხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. ეს ქმნის ძალიან დიდ რისკს, რომ ჩვენ არ მივიღოთ ის შედეგი ამ რეფორმისგან, რასაც ველოდებით. აქ საუბარია კომპეტენციების და ფუნქციების, რიგ შემთხვევაში, აღრევაზე. ამიტომ, საჭიროა ამ კომპეტენციების სწორი დალაგება და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა.

-რა მდგომარეობაშია კახეთში ტყეები?

-ტყეებში, ის ხეები, რომლებიც 30 წლის წინ იყო, დღეს აღარ არის. მეორე პრობლემა, რომელიც ტყის აღრიცხვამ აჩვენა, არის მიმდინარე ეროზიები, რომელიც 28%-ს შეადგენს. ეს არის ძალიან მძიმე მაჩვენებელი, იმიტომ რომ როდესაც ხდება ტყეების გაჩეხვა, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცით. სამწუხაროდ, გაჩეხილი ტყეების ადგილზე უკვე გვხვდება ბარდები, ჯაგნარი, ისეთი სიტუაციაა, რომ ბევრ ადგილას ტყე ვეღარ განვითარდება. ასევე, ბევრგან უკვე გვხვდება ეროზიები იმიტომ, რომ აქ განვითარდა მეორადი პროცესები, რომელიც გეოლოგიას და ჰიდროგეოლოგიას ეხება. მოიშალა ასევე ჰიდროლოგიური პროცესები და ჩვენ მივედით უკვე არამხოლოდ იმ შედეგებამდე, რომ ტყეები უკვე შეუქცევად დეგრადაციას განიცდის.

ნიადაგის გარეშე შეუძლებელია ტყეების აღდგენა. ვიცით, რომ ტყეების მთავარი ფუნქცია ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციაა და ეს მთლიანად მოშლილია. ნებისმიერ გაწვიმებაზე ხდება ნიადაგების რეცვა. მაგალითად, კახეთშიც რთული მდომარეობაა. ერთ წელიწადს ალაზანიც კი დაშრა და მისი ის მსხვილი შენაკადებიც, რომელიც არასოდეს დამშრალადაშრა. ამ დროს კი, გაზაფხულობით და შემოდგომობით, ჩვენ გვაქვს სერიოზული წყალმოვარდნები. კახეთშიც ვნახეთ ბოლო პერიოდში სერიოზული წყალმოვარდნები. ეს დიდი წვიმის შედეგი კი არა, იმის შედეგია, რომ მდინარეების აუზში ბუნებრივი ბალანსი აღარ არის.

-როგორც თქვენ ამბობთ, კახეთში ტყეების მდგომარეობა მძიმეა, რა მდგომარეობაა ცივ-გომბორის ქედზე და ხომ არ არსებობს სტიქიის განვითარების საფრთხე?

-ცივგომბორზე თუ ვისაუბრებთ, აქ არის ძალიან მგრძნობიარე გეოლოგია და მისი ქანები ადვილად შლადია. ეს არის ერთგვარი ქვიშა-ხერშით სავსე ტომრები, რომელსაც ამ ტყეებმა გადააკრა ბუნებრივი საბურველი, შეინახა და გააჩინა აქ საცხოვრებლად უსაფრთხო გარემო. სწორედ მერე გაჩნდა აქ სოფლები. როგორც კი ჩვენ ამ ტყეებს გავჩეხავთ და ეს საფარი გაქრება, წამოვა ბუნებრივი კატასტროფები და სტიქიები, რომლებსაც უკვე ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ ტყეების მართვა, ბუნებრივი კატასტროფების მართვასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და სახელმწიფო ბუნებრივი კატასტროფების მართვაში ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა ეს კოორდინაცია არ ხდება და თანხა იხარჯება სოფლებში, სკოლებთან მაგალითად, ჯებირების აშენებაზე, მაგრამ საიდან მოდის ეს და რა ფაქტორიც იწვევს, არავინ კითხულობს. თუ გამომწვევ მიზეზებს ვტოვებთ ხელშეუხებელს და რამდენი ფულიც არ უნდა დაიხარჯოს, სიტუაცია არ შეიცვლება. ზეწოლა კი ტყეებზე გრძელდება და დინამიკა არის ძალიან ცუდი.

გასულ წლებში ჩვენ ძალიან მწარე გაკვეთილები გვაქვს, მათ შორის თელავშიც, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ ღვარცოფმა დაფარა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. გავიხსენოთ რა მოხდა თბილისში. ამას კლიმატის ცვლლილება უფრო გაამწვავებს.

ჩვენ კახეთის მუნიციპალიტეტში შევისწავლეთ და ჩავატარეთ კვლევები სხვადახვა აუზებზე. ეს იყო სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა. ვიმუშავეთ თელავში, ახმეტაში, საგარეჯოში, გურჯაანში და რაც დავინახეთ, განსაკუთრებით ცივგომბორზე, მართლა არის უმძიმესი მდგომარეობა. ფაქტობრივად მომზადებულია ეს ხეობები, რომ მოხდეს სტიქიები და კიდევ, რაც დაგვანახა ამან არის ის, რომ ჩვენ არ ვებრძვით მიზეზებს იმისთვის რომ განხორციელდეს პრევენცია. აუცილებელია შეფასება აუზის მდგომარეობის და ყველა იმ ფაქტორის გამოვლენა, რომელიც იწვევს სტიქიებს. უნდა მომზადდეს პროექტი, რომ შემცირდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მხოლოდ ვუყურებთ იმ ადგილს, სადაც სტიქია მოხდა და არ ავდივართ ცოტა ზემოთ, რომ ვნახოთ რა იწვევს ამას.