ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება.
საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამართულად უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს”.

