ევროკომისიის პრესსპიკერი – ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, უბრალოდ არასწორია
ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, უბრალოდ არასწორია. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და სრულად სცემს პატივს საქართველოს კულტურასა და იდენტობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“ რედაქტორის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და შესრულება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ბირთვია. ამ ღირებულებებს იზიარებს როგორც საქართველო, ისე ევროკავშირი და ამ კონტექსტში, ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის, მათ შორის ანტიდისკრიმინაციულ დაცვას“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

