ახალი ამბები

როგორია MEGOBARI Act-ის კანონად ქცევის პროცედურა?

იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი და გადაწყვეტილებების მიმღები პირების სასანქციო კანონპროექტი კანონად იქცეს, წინ კიდევ ორი ეტაპია – კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.

ვინაიდან სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო საქმეთა კომიტეტი, დარჩენილია კენჭისყრის ეტაპი.

სენატში აქტი საბოლოოდ ერთიდან ოთხი კვირის ვადაში უნდა განიხილონ, ანუ არაუგვიანეს 3 ივნისისა. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში კი, პრეზიდენტ ტრამპს მასზე ხელმოწერისთვის 6 კვირა ექნება.

MEGOBARI Act მიმდინარე წლის დასაწყისში კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს. ამ დროისთვის დოკუმენტს 21 თანასპონსორი ჰყავს.

აქტი ითვალისწინებს აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს სავიზო სანქციების დაწესებას და ასევე, პრეზიდენტს უფლებას აძლევს დააწესოს საკუთრებასთან დაკავშირებული სანქციები ნებისმიერ პირზე, ვინც მონაწილეობს ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. სანქცირებული პირის ოჯახის წევრები ასევე ექვემდებარებიან ამ სანქციებს, თუ მათ სარგებელი მიიღეს სანქცირებული პირის ქცევით.

კანონპროექტი ავალდებულებს პრეზიდენტს დააწესოს სავიზო სანქციები შემდეგ პირებზე, თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ ისინი შეგნებულად მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, ძალადობაში ან დაშინებაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად:

  • ნებისმიერი პირი, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ან ქართული პოლიტიკური პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირი;
    ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
    და ასეთი თანამდებობის პირების ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელიც სარგებელს იღებდა მათი ქცევით.
  • დოკუმენტი მათ შორის ისეთი პირების განსაზღვრას და სანქცირებას ითვალისწინებს, ვინც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ჩაერთვებიან კორუფციაში ან ქმედებებში საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.
  • კანონპროექტი ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით. ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას.