ახალი ამბები

„ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ასოციაცია “ვეისთლესის” კამპანია „ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის გამარჯვებული მოსწავლეები ლაგოდეხის ეკოფესტივალზე დაჯილდოვდნენ. 
ასოციაცია „ვეისთლესმა“, რომელიც 17 375 ბიზნეს კომპანიას აერთიანებს, სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ამაღლების პირველი ფართომასშტაბიანი რეგიონული კამპანია – „ეკომეგობრული კახეთი 2026“ ლაგოდეხის პარკში გამართული ეკო-ფესტივალით 30 მაისს საზეიმოდ შეაჯამა.
 კამპანია „ეკომეგობრული კახეთი 2026“ რეგიონის 8-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ 35 სკოლაში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ელექტრო ნარჩენების სწორი მართვის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
პროექტის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო ინტერაქტიული შეხვედრები მოსწავლეებთან, 7-21 მაისს კი ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც კახეთის 35-ვე სკოლაში განთავსდა “ვეისთლესის” სპეციალური ყუთები ელექტრო ნარჩენების შესაგროვებლად – მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა სახის ელექტრო ნარჩენების შეგროვებაში.
კონკურსის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით 47 205 კგ ელექტრონარჩენი შეგროვდა.
ეკოფესტივალზე “ვეისთლესმა” ის სამი სკოლა დააჯილდოვა ფულადი პრიზებით, რომელთა მოსწავლეებმაც ყველაზე მეტი ელექტრონარჩენი შეაგროვეს.
I ადგილზე გასულ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლას 7 000 ლარის; II ადგილზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 სკოლას 5 000 ლარის; ხოლო III ადგილოსან ლაგოდეხის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლას 3 000 ლარის ჯილდოები გადაეცათ.
ამასთანავე, “ვეისთლესმა” 1000 ლარით დააჯილდოვა ის სკოლები, რომლებმაც თავიანთ მუნიციპალიტეტებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ესენი არიან: ყვარლის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლა; საგარეჯოს №4 საჯარო სკოლა; თელავის №9 საჯარო სკოლა; დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლა; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლა; ახმეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლა; გურჯაანის №2 საჯარო სკოლა.
“კონკურსის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ცნობიერების ამაღლების ნაყოფიერ კამპანიასთან ერთად, შედეგად მივიღეთ ის, რომ კახეთის რეგიონი 48 ტონამდე მავნე ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა ჩვენი გარემოს სუპერგმირი ბავშვების მონდომების შედეგად. კახეთში დაწყებულ კამპანიას აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც”- განაცხადა ასოციაცია “ვეისთლესის” თავმჯდომარემ გიორგი გულიაშვილმა.
ფესტივალმა “ეკომეგობრული კახეთი 2026” ასევე უმასპინძლა ეკო-მეწარმეების გამოფენას, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობი აქტივობებს, მოეწყო პარტნიორი კომპანიების თემატური სივრცეები, ტექნოლოგიური ზონები, გათამაშებები და ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამები. ასევე გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების, ჟირაფი ჟოზესა და ჯგუფ “მგზავრების” კონცერტები.

ნაკლების ჩვენება