ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვალი $8.6 მილიარდია

საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვალის მთლიანი მოცულობა გასულ წელს $319 მილიონი დოლარით შემცირდა და მან $8.6 მილიარდი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვალის 59% ევროში არის ნომინირებული, ხოლო 2024 წელს ევრო დოლართან მიმართებით 5.6%-ით გაუფასურდა. ეს გაუფასურება საქართველოს საგარეო ვალზეც აისახა და დოლარში მისი მნიშვნელობა შეამცირა. დოლარში ვალის ნაშთის კლების მიუხედავად, გაზრდილია მისი ღირებულება ლარებში, რაც თავის მხრივ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. 2024 წელს ლარი 4.5%-ით გაუფასურდა, რის გამოც ვალის ნაშთი 150 მილიონი ლარით, 24.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარია.

 

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ნაშთი:

კრედიტორი ვალის ნაშთი, მლნ დოლარი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2,270
მსოფლიო ბანკი 2,113
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 1,079
საფრანგეთი (AFD) 766
გერმანია (KFW) 558
საქართველოს ევრობონდი 500
IMF-ის მიმართ ეროვნული ბანკის ვალი 351
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 214
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 212
IMF-ის მიმართ მთავრობის ვალი 176
ევროკავშირი (EU) 139
იაპონია 118
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) 35
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 15
ავსტრია 10
ქუვეითი 9
რუსეთი 8
ამერიკის შეერთებული შტატები 6
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) 3
თურქეთი 2
ყაზახეთი 1.3
აზერბაიჯანი 1.2
სომხეთი 1.0
ირანი 0.8
თურქმენეთი 0.2