ახალი ამბები

რა პრობლემები აწუხებთ მოქალაქეებს და რატომ იზრდება ყოველთვიურად სოციალურად დაუცველთა რიცხვი

საქსტატის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქების რაოდენობა ერთ წელიწადში 6.6%-ით გაიზარდა და 690 ათასს გადააჭარბა. იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.272 მლნ-ზე მეტია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 690 496-ს შეადგენს, აქედან 460 603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 229 893 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. ამავე უწყების მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 439 993 კი მხოლოდ შემწეობას იღებდა.

ამასთან, 1 272 572-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის დეკემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 213 539-ს. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციითვე, გასულ წელს, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა კახეთის რეგიონში 66 338 შეადგინა. Knews.ge დაინტერესდა რა პრობლემები აწუხებთ კახეთში ადგილობრივებს და რის მოგვარებას ისურვებდნენ.

,,ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არის სამუშაო ადგილების არარსებობა ადგილზე სოფლებში, მუნიციპალიტეტებში, ასევე პრობლემაა პროდუქტებზე ფასები, რომელიც ყოველდღიურად იზრდება”,- ამბობს თელაველი ლელა გაბისონია და აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად მწვავდება მუნიციპალიტეტში სოციალური ფონი.

წამლების ფასების დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ კახეთში მცხოვრები სხვა ადგილობრივები. მათი თქმით, წამლებზე ფასები იმდენად მაღალია, რომ ყველა საჭირო წამლის ყიდვას ვერ ახერხებენ.

,,დასარეგულირებელია წამლებზე დადგენილი მაღალი ფასები. ექიმთან რომ მივდივართ ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად, გვეშინია რა წამალს გამოგვიწერს. ხშირად სრულად ვერ ვყიდულობთ რაც საჭიროა, რადგან წამლები ძვირია”,- აცხადებს გურჯაანში მცხოვრები ილია გოგინაშვილი.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ყოველწლიურად იზრდება მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობა. კახეთში მცხოვრებლები ასევე knews.ge-სთან საუბრობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე და მთავრობის არასწორი კურსის გამო, შესაძლოა ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდეს.

,,ალბათ პროდუქტები და საწვავი კიდევ გაძვირდება, ეს კი არსებულ მდგომარეობას უფრო გააუარესებს”, – აცხადებენ კახეთში მცხოვრებლები და განმარტავენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის ევროკავშირის ქვეყნების და ევროპული ფონდების დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული პრობლემები გამწვავდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას მეტად დააზიანებს.