ახალი ამბები

12 იანვარს, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა გაიმართება

12 იანვარს, თბილისში, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობა 7 საათზე ფილარმონიასან დაიწყება.

,,საბჭოთა რუსული საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში ასიათასობით მოქალაქეს შეეხო. დაპატიმრება, წამება, გადასახლება/დეპორტაცია, ქონების კონფისკაცია, დახვრეტა, სადამსჯელო ფსიქიატრია – ათწლეულების განმავლობაში მასობრივად გამოიყენებოდა ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების ფიზიკურად მოსასპობად, გადარჩენილების დასაშინებლად და თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩასახშობად.

საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი და მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში მეთოდურად ცდილობენ, დაეყრდნონ ტერორისა და რეპრესიების საბჭოურ გამოცდილებას – გამოიყენონ საბჭოური პროპაგანდის ყველა მეთოდი მოქალაქეთა დასაშინებლად და დასაბნევად, ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლ მოქალაქეებს, დააპატიმრონ, მასობრივად გააძევონ სამსახურებიდან და ეკონომიკური დაუცველობისათვის გაწირონ პატიოსანი საჯარო მოხელეები, გაანადგურონ თავისუფალი მედია…

ივანიშვილის რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრების იდეისათვის ბრძოლა – საბჭოთა რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის რევანშზე გამარჯვებისათვის ბრძოლაცაა. ტერორსა და შიშს თავისუფალი მოქალაქეების სოლიდარობა და მტკიცე ნება ამარცხებს.

კვირას, 12 იანვარს გიწვევთ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობაზე. შევიკრიბოთ 7 საათზე ფილარმონიასთან, თან ვიქონიოთ ფურცლები, რომელზეც ეწერება რეჟიმის მსხვერპლთა ვინაობა და რეპრესიის ზომა, მათი ფოტოები, ბანერები, დროშები. ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დასრულების, სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გავმართოთ მსვლელობა პარლამენტამდე.

მსვლელობის შემდეგ შეგვიძლია გადავინაცვლოთ ტერორის სახლთან – ჩეკას სახლთან (ინგოროყვას #22), სადაც მონაწილეები ისაუბრებენ საბჭოთა რუსული რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიებზე, მემკვიდრეობაზე და მომავლის ხედვაზე”,- წერია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.