მცენარეული ზეთების წარმოება და ბაზარზე განთავსება ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება
მცენარეული ზეთების წარმოება, ბაზარზე განთავსება ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება. შესაბამისის ტექნიკური რეგლამენტი მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, სადაც დეტალურად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელსაც პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს.
საუბარია, როგორც საკვებ მცენარეულ ზეთებზე, ისე არაქისის, ალისარჩულის, ბაბასუს, ბამბის, ბრინჯის, ქოქოსის, სელის, ყურძნის წიპწის, თხილის, სიმინდის, ნუშის, მდოგვის, პალმის, ფსტის, მზესუმზირას (ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით) და სხვა სახის ზეთებზე.
დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია ზოგიერთი მცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების შემცველობის ზღვარი.
მაგალითისთვის, ალისარჩულის ზეთი, ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით – უნდა შეიცავდეს ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% ოლეინის მჟავას;
მზესუმზირას ზეთი, ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით – უნდა შეიცავდეს ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობის არანაკლებ 75% ოლეინის მჟავას;
პალმის ზეთი, ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით – უნდა შეიცავდეს ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობის არანაკლებ 48% ოლეინის მჟავას და ა.შ.
უფრო დეტალურად, აღნიშნული რეგლამენტის შესაბამის ცხრილებშია გაწერილი.
ამასთან, ზეთისხილის ზეთების ხარისხის მაჩვენებლები, მათ შორის, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდნენ დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საუბარია, პროდუქციის შემადგენლობებზე, ხარისხზე, მათ შორის მჟავიანობის მაჩვენებლებზე.
ამასთან, პირველადი დაწურვის, ასევე, ცივი დაწურვის და პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთებში დაუშვებელია საკვებ-დანამატების გამოყენება.
რაც შეეხება ბაზარზე განთავსებას, მცენარეული ზეთები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს.
გარდა იმისა, რომ პროდუქცია უნდა პასუხობდეს აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, ბაზარზე განთავსებული მცენარეული ზეთების ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. მაგალითად, დაუშვებელია ოფიციალური დასახელება „ზეთისხილის ზეთი“ გამოყენებული იქნეს „ზეთისხილის ზეთი პომასის“ ოფიციალურ დასახელებად.
გარდა ამისა, პროდუქციის შენახვის პირობები განთავსებული უნდა იყოს პროდუქციის ეტიკეტზე.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.
რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლს, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. მისი ამოქმედების ვადად კი, 2026 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული.