ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

წელს, ავტოსადგურების რეფორმის განხორციელება იგეგმება

წელს, ავტოსადგურების რეფორმის განხორციელება იგეგმება. მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.

2025 წლის 1-ლი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება. რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მძღოლები ამბობენ, რომ რეფორმა მგზავრობის საფასურს გააძვირებს. მიზეზად კი სერვისის გაუმჯობესებას ასახელებენ. მათი თქმით, სატრანსპორტო კომპანიებს ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება. მძღოლები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვაში თუ რეფორმის განხორციელება დაიწყო, მგზავრობის საფასურის მომატება მოუწევთ.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, დარგში არსებული პრობლემები მოსაგვარებელია.

„პირველ რიგში ეს პრობლემა იწყება ავტოსადგურებიდან, რადგან ჩვენ გვაქვს კანონიერი და უკანონო სადგურები. კანონიერის შემთხვევაშიც კი მონიტორინგი არაა საკმარისი, რაც შეეხება უკანონო ავტოსადგურებს, ეს არის თვითორგანიზებული სადგურები, საიდანაც გადიან ე.წ. ხიშნიკი მძღოლები. მსმენია იმის შესახებ რომ ამ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ, იმდენად გამოსულია ეს სფერო საერთოდ კონტროლის ჩარჩოებიდან.“