ახალი ამბები

ვისთვის იქნება განკუთვნილი შეწირული საკვები – სურსათის ბანკის პროექტი ძალაში შედის

საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას.

კანონქვემდებარე აქტები 2025 წლის იანვარში სრულად შემუშავდება და 2025 წლის დასაწყისიდან პროექტი ძალაში შევა. კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს. პროექტს სამი მხარე ეყოლება: რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და სახელმწიფო.

რატომ სურსათის ბანკი და ვინ ისარგებლებს?

კანონპროექტის ინიციატორების თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე. აცხადებენ, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობის სურსათი იყრება ნაგავსაყრელზე.

,,შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, შეამცირებს ნარჩენებს და მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას, რომ ნარჩენი სურსათი მიეწოდოს ბენეფიციარებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა”.

პროდუქციით ისარგებლებს ყველა, ვისაც ამის საჭიროება აქვს, ხოლო მარკეტებს რაც შეეხება, პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შეიქმნება სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია.

„შეწირულების გაცემა და მისი შემდგომი გადანაწილება საბოლოო ბენეფიციარზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესით ავტორიზაციის შემდგომ. ამასთან, სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს და შესაბამის მონაცემთა ბაზას აწარმოებს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი კი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკის საქმიანობის პრინციპებს და ასეთად აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულებებს“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მარკეტები და ქსელური სუპერმარკეტები სურსათის ვარგისიანი ნარჩენების ბენეფიციარებისთვის განაწილების შემთხვევაში დღგ-ს და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.

,,მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადიანი პროდუქტის განაწილებას განახორციელებენ ბენეფიციარებისთვის, საგადასახადო შეღავათი ექნებათ, დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან. საუბარია არამალფუჭებად პროდუქციაზე: შაქარი, ყავა, ბურღულეული და სხვა”.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, FAO-მ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, ასევე, სურსათის შეწირულობის საკითხების მოკვლევა საქართველოში ოთხი წლის წინ დაიწყო. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეაც, რომ აქაც ამუშავებულიყო სისტემა – ე.წ. სურსათის ბანკი, სადაც მოგროვდებოდა ორგანიზებულად შეწირული საკვები პროდუქტი.

,,გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დადგინდა, რომ ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი იყრება. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს აჩვენებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ისეთი მექანიზმების არსებობა, მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმების, რომ ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას მოხდეს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჭარბი, უვნებელი სურსათის არა გადაყრას, არამედ მოსახლეობაზე გადანაწილებას. ამიტომ, ჩვენ ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, როგორც აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მათ შორის კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ა.შ.”

,,ჭარბი სურსათი, რომელიც სამწუხაროდ, ნარჩენებად გადაიქცევა, სწორი მართვის შემთხვევაში ადამიანებს მოხმარდება და გადაეცემათ მათ, ვისაც განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ სურსათზე ხელმისაწვდომის თვალსაზრისით.”

როგორ იმუშავებს სურსათის ბანკი?

სურსათის ბანკი ორგანიზებული იურიდიული პირია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიდის, მას მიენიჭება სურსათის ბიზნესოპერატორის სტატუსი, რომელიც ორგანიზებას უწევს სურსათის შეწირულობას და მის გადანაწილებას იმ მოსახლეობაზე, ვისაც სურსათის მიღების სურვილი ექნება. ეს ორგანიზებული სისტემაა, რომელიც გულისხმობს შეწირული სურსათის ორგანიზებას და დახლზე განთავსებას. მისივე პასუხისმგებლობაა ამ სურსათის უვნებლობაც.

რა ტიპის სურსათი იქნება სურსათის ბანკში?

საუბარია დაბალი რისკის შემცველობის მქონე სასურსათო პროდუქტზე. იგულისხმება: ბურღულეული, მშრალი პროდუქცია, ხილი, ბოსტნეული და არა ისეთი პროდუქცია, რომელიც სურსათის უვნებლობის მხრივ შედარებით მაღალ საფრთხეს შეიცავს – ხორცი, რძის პროდუქტები და ა.შ. თუმცა სათანადო ინფრასტრუტურის და გამართული სისტემის შემთხვევაში, სურსათის ბანკში შესაძლოა იყოს ასეთი პროდუქციაც.

რას ფიქრობს მოსახლეობა?

კახეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ინიციატივას დადებითად აფასებს. აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახეობისთვის ეს დიდი შვება იქნება. ნაწილს მიაჩნია, რომ სურსათის ბანკში ვადაგასული პროდუქტი მოხვდება. თუმცა, ვკითხულობთ, რომ სურსათის ბანკში უნდა მოხვდეს მხოლოდ უვნებელი და არა ნარჩენად გადაქცეული სურსათი. ეს უნდა იყოს სურსათი, რომლის პირველი ვადის გასვლამდე დარჩენილი შეიძლება იყოს ცოტა დრო, ან ჰქონდეს მცირედი დაზიანება შეფუთვაზე. ასეთ პროდუქციას კერძო სექტორი კი არ გადაყრის, არამედ შეწირულობაში გადასცემს სურსათის ბანკს.

,,პროგრამს დადებითად ვაფასებ, თუმცა ცოტა საშიშია, ხომ არ მოხვდება დახლებზე ვადაგასული პროდუქტი? ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და სოციალური ფონიც მძიმეა, ასეთი პროექტები უნდა მუშაობდეს და ბიზნესსაც ქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა”.