საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლოა გაძვირდეს
მიმდინარე წელს, ავტოსადგურების რეფორმის განხორციელება იგეგმება. მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.
2025 წლის 1-ლი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება. რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
,,ამ ეტაპზე ჩვენ არ ვგეგმავთ საფასურის გაზრდას, თუმცა მინდა აღვნიშნო, საწვავის ფასის მკვეთრად ზრდის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ფასების გაძვირება. ჩვენ, ავტოსადგური მომსახურებას ვუწევთ მგზავრთგადაყვანას. ფასს ჩვენ არ ვაწესებთ. ფასს აწესებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც ასრულებს ყოველდღიურად რეისს ჩვენგან დასავლეთის მიმართულებით. მაგრამ ფასის დაწესება ხდება ჩვენთან შეთანხმებით. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ არსებული მკაცრი კონკურენციის ფარგლებში არა გამართლებულად, თვითნებურად ფასების ზრდას, იმიტომ რომ არის კონკურენცია. ჩვენს გვერდით არის ავტოსადგური ,,ოკრიბა”, ასევე გლდანშია ავტოსადგური, არის სხვა ავტოსადგურებიც, რომლებიც კონკურენციის ფარგლებში მუშაობენ ჩვენთან ერთად. ჩვენს ინტერესებში არ შედის მგზავრობის ღირებულების გაზრდა, რამე თუ ფაქტობრივად დასავლეთის მიმართულებაზე, საითაც ჩვენ მანქანებს ვუშვებთ, დაახლოებით ერთი და იგივე ფასია. ახლა ფასების მერყეობა არ იმოქმედებს დადებითად ავტოსადგურის არც იმიჯზე და არც მის მომავალ პერსპექტივაზე.”– აცხადებს ავტოსადგურ ,,დიდუბის” დირექტორი ნესტორ მიქატაძე.
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მძღოლები ამბობენ, რომ რეფორმა მგზავრობის საფასურს გააძვირებს. მიზეზად კი სერვისის გაუმჯობესებას ასახელებენ. მათი თქმით, სატრანსპორტო კომპანიებს ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.
,,ჩვენი სექტორი არ არის მზად რეფორმის განხორციელებისთვის მოკლე და შეზღუდულ ვადებში. საჭიროა ფინანსები და საიდან მოვიტანთ, სესხი ავიღოთ? როგორ დავფაროთ? ვისაც ვიცნობ ვფიქრობ, არავინ არის მზად ამისთვის. ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, დარგის სუბსიდირება გახდება საჭირო, საიდან მოვიტანთ ამ ხარჯებს?”
მღძოლები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვაში თუ რეფორმის განხორციელება დაიწყო, მგზავრობის საფასურის მომატება მოუწევთ.
,,მგზავრობის ფასი გაძვირდება და აქვს ხალხს ამისი საშუალება? ძალიან კარგია რეფორმა, გამართული და მოწესრიგებული ავტოსადგურები და მარშუტკები, მაგრამ თავისი სირთულე ახლავს. გაძვირდება ყველა ის სერვისი რასაც ჩვენ ვიღებთ. გვინდა თუ არა, მოგვიწევს ფასის მომატება,” – ამბობენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები.
მოსალოდნელ რეფორმას დადებითად აფასებს მოსახლეობის ნაწილი. მიაჩნიათ, რომ კანონი ბაზარზე მგზავრთა რეგულირების გარეშე გადაყვანას დაარეგულირებს. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ რეფორმა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული რაც პირდაპირ აისახება მგზავრობის საფასურზე, ამისთვის კი მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არ არის.
,,ავტოსადგურებიც მოუწესრიგებელია და სამგზავრო მარშუტკებიც. ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. რეფორმის ფარგლებში, ვისურვებდი მძღოლების გადამზადებასაც, რაც პირდაპირ კავშირშია მგზავთა მომსახურებასთან. ოდესმე ხომ უნდა დაადგეს საშველი ამ სფეროს? ’’,– ამბობს ნანა ჯანიაშვილი.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, დარგში არსებული პრობლემები მოსაგვარებელია. საქართველოში რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%.
„პირველ რიგში ეს პრობლემა იწყება ავტოსადგურებიდან, რადგან ჩვენ გვაქვს კანონიერი და უკანონო სადგურები. კანონიერის შემთხვევაშიც კი მონიტორინგი არაა საკმარისი, რაც შეეხება უკანონო ავტოსადგურებს, ეს არის თვითორგანიზებული სადგურები, საიდანაც გადიან ე.წ. ხიშნიკი მძღოლები. მსმენია იმის შესახებ რომ ამ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ, იმდენად გამოსულია ეს სფერო საერთოდ კონტროლის ჩარჩოებიდან. ბევრი ფაქტია რომ ადამიანებს არ აქვს მართვის მოწმობა და ჩვეულებრივ მოძრაობენ გზებზე, ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, შვიდჯერ, ათჯერ. საბოლოოდ ეს უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეა“.