თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა
დღეიდან, საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა ის ნორმა ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, მწარმოებელ კომპანიებს სალიცენზიო სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, პირობების დარღვევისთვის კი, ჯარიმები დაეკისრებათ.
ახალი წლიდან თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იქნება. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით.
პარლამენტმა 2024 წლის ივლისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარია.