იყენებს თუ არა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შუალედური ანგარიში გამოქვეყნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ფაქტობრივად, წაშლილია, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის.
TI – ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მაგალითები:
“რუსული კანონის” მიღება, ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა, გენდერული კვოტის გაუქმება, ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოვება, “დელეგატების” ინსტიტუტის შემოღება, საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში მხილებული “ხარებას” ამოქმედება, თითქოსდა, არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა. კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროვება, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფების ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ, ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივი ზემოქმედება, საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა, ცილისმწამებლური კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. მმართველი პარტიის კანდიდატების მონაწილეობა საბიუჯეტო ღონისძიებებში, საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებში. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებისათვის.
საჯარო მოხელეების მობილიზება კახეთიდან თბილისში მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია გაიმართა, რისთვისაც რეგიონებში საჯარო მოხელეების, პედაგოგების და ბაღის მასწავლებლების მობილიზება მოხდა. სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ააიპ-იებში დასაქმებული მოქალაქეების მობილიზება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდა. მოქალაქეები მიყავთ თბილისში თელავიდანაც. პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები გივი ჩოხელის სახელობის სტადიონთან შეიკრიბნენ, საიდანაც მიკროავტობუსებით/სამარშრუტო ტაქსებით, მსუბუქი ავტომობილებით და ავტობუსებით თბილისისკენ გაემგზავრნენ. მათი ნაწილი საჯარო სამსახურებში მუშაობს. კითხვაზე თუ სად მიდიან და რა ღონისძიებას უნდა დაესწრონ, მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ. უმეტესობა ამბობდა, რომ თბილისში გასასეირნებლად მიდიოდა. ნაწილმა კი თქვა, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად თავისი სურვილით გაემგზავრნენ.
როგორც მოქალაქეები Knews.ge-სთან საუბრობენ, მათ თბილისში ვიზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას დაპირდნენ. მხარდამჭერების და საჯარო მოხელეების მობილიზება ხდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
ISFED – წინასაარჩევნო პერიოდში, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირების მობილიზება, ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში, პრობლემურია.
ISFED – ის პროექტის კოორდინატორი თათია ქინქლაძე knews-სთან განმარტავს, რომ უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირების მობილიზება, ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ შორის, იმ კონკრეტული დაწესებულებების, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ დაწესებულებაში დასაქმებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა და მობილიზება, პრობლემურია.
,,კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენება. ხშირად ხდება, რომ სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კაპანიაში ჩართვა ხდება, უშუალოდ, ხელმძღვანელის მითითებით. ეს წარმოადგენს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას საარჩევნო მიზნით, როდესაც ხდება მსგავსი დავალების მიცემა, რომ მათ მიიღონ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობა, რაც კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც უკვე საუბარია წინასაარჩევნო კამპანიაზე, არის აკრძალული“.
იურისტი განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, უშუალოდ სამუშაო დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას. თუ ისინი შეასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის მითითებას და ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონი ადგენს გარკვეულ სტანდარტს, რომ ეს სამუშაო დროს არ უნდა განხორციელდეს.
,,როცა ადმინისტრაციული რესურსი არის მიმართული კონკრეტულად მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტი არის ის, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის გარკვეული ზღვარი უნდა არსებობდეს. სახელმწიფოს საქმიანობა არ უნდა იყოს აღრეული პარტიის საქმიანობასთან და ამის გარანტიები ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში. ეს დეტალურად აწესრიგებს ვის აქვს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და რა ტიპის მითითების გაცემა არის მიჩნეული, თუნდაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენება, რაც ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ჭრილში შეიძლება შევაფასოთ“.