ახალი ამბები

რა აქტივობები ხორციელდება და რა იკრძალება არჩევნებამდე 2 დღით ადრე

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი

24 ოქტომბრის ღონისძიებათა გრაფიკი

  • დილის 08:00 საათის შემდეგ კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა (50-ე მუხლის მე-5 პუნქტი)
  • შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში – გადასცემს სათანადო განკარგულებას (44-ე მუხლის მე-4 პუნქტი)
  • საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებულ საბოლოო ვერსიას (საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას (31-ე მუხლის მე-11 პუნქტი)
  • ცესკოს მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია ცესკოს მდივანს წარუდგენს დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციასა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლებს (მე-40 მუხლის მე-6 პუნქტი)
  • ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს (63-ე მუხლის მე-9 პუნქტი)