ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე-პირველი პარლამენტარი
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა.
საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, 1921 წელს იქნა მიღებული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“. 1919 წელს კი საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.
მაშინ დამფუძნებელთა კრებაში 5 ქალი იყო: ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე და მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე. ამ მასალით გაგაცნობთ 5 ქალს, რომელიც პირველი პარლამენტარები იყვნენ. მათ ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937) 1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს “გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს.
1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.
1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.