არჩევნებიახალი ამბებისტატიები

არჩევნები და ევროპული ინტეგრაცია

არჩევნებსა და საარჩევნო პროცედურებს კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
,,საქართველოს უდიების“ წარმომადგენელი ანა პაჭიკაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანს უწოდებს და განმარტავს, რომ არჩევნების მეშვეობით ხალხი ირჩევს თავის წარმომადგენლებს და ანიჭებს მათ თავის სუვერენულ უფლებათა განხორციელების მანდატს.
,,წლევანდელი არჩევნები ბევრი რამით არის გამორჩეული. ის, რომ პროპორციული წესით ტარდება და არა მაჟორიტარული, ძალიან კარგი მიღწევაა. საქართველოს აქვს კანდიდატის წევრის სტატუსი.

არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და პროდასავლური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, არის შანსი, რომ გადავიდეთ ახალ ეტაპზე. კანდიდატის სტატუსიდან, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ, გაყინულ მდგომარეობაშია, გადავიდეთ ევროკავშირთან მოლაპარაკების ეტაპზე, და 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”.

მისივე თქმით, ვინაიდან, 26 ოქტომბრის არჩევნები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის აქტივობას.
,,დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპებზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ხმის ფარულობა, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ასევე, ეს არის საყოველთაობა, როდესაც 18 წლის ზემოთ, ყველა იღებს მონაწილეობას არჩევნებში. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და სამართლიანად. არ შეიძლება ამომრჩეველზე მუქარა, ზეწოლა, მოსყიდვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თავისუფლად შეეძლოთ ხელისუფლების შეცვლა“.
ანა პაჭიკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება სამართლიანად, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.
,,ევროკავშირში გაწევრიანება პირდაპირ არის დაკავშირებული 26 ოქტომბრის არჩევნებთან.

ჩვენ უნდა მივიღოთ მრავალპარტიული წარმომადგენლობითი პარლამენტი, რათა შემდეგში, კოალიციურ მთავრობაში, მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ხმა იყოს წარმოდგენილი და ყველანაირი გემოვნების ამომრჩევლის ხმა იყოს საკანონმდებლო ორგანოში.

ზუსტად ამიტომ მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორები, რომ ისეთი ტიპის პარლამენტი ავირჩიოთ, რომელიც შემდეგ მთავრობას დააკომპლექტებს“.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას საარჩევნო საკითხებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებაში მაღალია დეზინფოირმაციისა და პროპაგანდის გავლენა.
,,ყველაზე გავრცელებული ნარატივი არის ის, რომ ევროპას და დასავლეთს ამ ქვეყანაში ომი უნდა, რაც არის უდიდესი შეცდომა. ცრუ ნარატივია. ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე. 1 ხმით შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. მანამდე კი, გადავამოწმოთ ჩვენი თავი ცესკოს გვერდზე, ვართ თუ არა სიაში.

ამ არჩევნებზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავისხსნათ ქვეყანა რუსეთისგან, უნდა ავირჩიოთ პროდასავლური კოალიციური პარლამენტი, შემდეგ კოალიციური მთავრობა და გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა“.