არჩევნები

საია- წინასაარჩევნოდ მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) განაგრძობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები საიამ რამდენიმე რეგიონში გამოავლინა. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების, კამპანიისთვის ხელშეშლის და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა.

საიამ მონიტორინგის ფარგლებში შეაფასა 9 ინციდენტი. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან: 4 წარმოადგენს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას, 2 – სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 – კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 2 – ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ხოლო 1 – პლატფორმა ,,აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. გაჭიანურებული გამოძიება გააუარესებს საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეულ ეპიზოდებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიგურირებენ. არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თავის მხრივ, პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და აგიტაციის პროცესში ხელშეშლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. თუმცა, ამ დროისათვის უმეტეს შემთხვევებზე პასუხი არ არის გაცემული.

საიას მოსაზრებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის არჩევნების დღეს ჩატარება არ უკავშირდება საკითხის მხოლოდ ლოგისტიკურ გადაწყვეტას. იგი, მათ შორის, უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, ზრდის საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და აზღვევს კომისიის ცალკეული წევრების მიმართ შესაძლო დაშინების და ზეწოლის შემთხვევებს. აღსანიშნავია ისიც, რომ არაელექტრონული უბნების შემთხვევაში, უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურების რაოდენობა არ გაზრდილა. მით უფრო მაშინ, როდესაც პროცედურების ჩასატარებლად გამოყოფილი დროის მონაკვეთი 15 წუთით, ერთ საათსა და 15 წუთამდე გაიზარდა. დროის უკმარისობა არც ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილ უბნებთან მიმართებით გამოკვეთილა. ამასთანავე, სადავო დადგენილების პრეამბულაში აქცენტი კეთდება ჰიპოთეზურ პრობლემაზე და არ არის დასაბუთებული ამ წესის მიღების გარდაუვალობა ან აუცილებლობა. ეს ცვლილება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის არსებითად აუარესებს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს. საიას აზრით, ცესკომ არასწორად განმარტა ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო დადგენილება ცვლილების საჭიროების სათანადო დასაბუთებისა და ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო. ერთგვაროვანი საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროების შემთხვევაშიც კი, ცესკოს ამ მიზნისთვის უპირატესი სიკეთის დაზიანების გარეშე უნდა მიეღწია. შედეგად, სადავო ცვლილება აუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას, ართულებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას და გაუმჭვირვალეს ხდის პროცესს”,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საიას ინფორმაციით, არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თავის მხრივ, პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და აგიტაციის პროცესში ხელშეშლა.