რას ნიშნავს, ელექტრონული წესით ხმის მიცემა?
რას ნიშნავს, ელექტრონული წესით ხმის მიცემა? ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ხმის მიცემის წესს ეხება. ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ბიულეტენზე შემოხაზვის ნაცვლად გააფერადებით უნდა დააფიქსიროს. შემოხაზული ბიულეტენი ხმის მთვლელი მანქანისთვის ბათილი ბიულეტენია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 3030 საარჩევნო უბნიდან 2262-ში ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობები განთავსდება. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ამ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარიმართება.
მხოლოდ 768 უბანზე ჩატარდება კენჭისყრა ტრადიციული, ძველი წესით.
რატომ ელექტრონულად?
ხმის მთვლელ მანქანას აქვს უნარი, მონაცემები სწრაფად დაამუშაოს და ხმების გადათვლის დასრულების შემდეგ „ჩეკი დაბეჭდოს“, სადაც წერია, ვინ რამდენი ხმა მიიღო.
ამის მიუხედავად, გადამოწმების მიზნით, გაიხსნება ელექტრონული საარჩევნო ყუთი და უბანზე ხმების ხელით, „ძველი მეთოდით“ მაინც დაითვლება.
თუ აპარატისა და ხელით დათვლილი მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა, ოქმში ეს აისახება და უპირატესობა ხელით გადათვლის შედეგად მიღებულ შედეგებს მიენიჭება.
კიდევ რა სიახლე იქნება?
ელექტრონული არჩევნების გამო საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს რეგისტრატორის მაგიდებზე სამაგიდო სიები (უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელითა და გვარებით) აღარ დახვდებათ. ეს სია ვერიფიკაციის აპარატებში ელექტრონულად იქნება ჩატვირთული.
ამომრჩეველთა სიები გაკრული იქნება საარჩევნო უბნების შესასვლელებთან – ამ სიაში იქნება აღნიშნული სახელი და გვარი და საარჩევნო უბნის ნომერი.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის ღიაა არჩევნების დღის დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე.