საქართველო, შეაჩერე პოლიციის ძალადობა და ეფექტიანად გამოიძიე წამების ბრალდებები – UATC
“ერთად წამების წინააღმდეგ” კონსორციუმი (UATC), მისი წევრები, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა, სასწრაფოდ და მიუკერძოებლად გამოიძიოს ყველა ბრალდება წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მანიფესტანტებისა და დაკავებულების მიმართ, უზრუნველყოს გარანტიები დანაშაულის არ გამეორებასთან დაკავშირებით და გასცეს კომპენსაციები ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.
2024 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან, პოლიციამ ძალადობრივი დარბევის დროს სულ მცირე 300 ადამიანი დააკავა საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახალი შემოღების წინააღმდეგ მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობისას.
“ერთად წამების წინააღმდეგ” კონსორციუმის (UATC) წევრები და პარტნიორები საქართველოში აცხადებენ, რომ ათობით მომიტინგე სასტიკად სცემა ნიღბიანმა პოლიციელმა დარბევისა და დაკავების დროს. 12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მომიტინგეებს, ზოგიერთი შემთხვევა წამებად შეაფასა. ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს არალეგალური, გადამეტებული ძალის გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის: ცრემლსადენი გაზის, შოკური ყუმბარების, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის.
„აქტივისტების განცხადებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები. სავარაუდოდ, პროტესტის ამსახველ სურათებზე გამოსახულია თურქული იარაღის მწარმოებელი Turac-ის რამდენიმე ჭურვიანი ვაზნა. ომეგას კვლევითი ფონდის (Omega Research Foundation), “ერთად წამების წინააღმდეგ” კონსორციუმის (UATC) წევრების და ნაკლებად სასიკვდილო იარაღის ექსპერტის თანახმად, სამართალდამცველებმა მრავალჯერადი ჭურვი საბრძოლო მასალად არასოდეს უნდა გამოიყენონ. ასეთი კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები თავისთავად არის არაზუსტი, განურჩეველი და არ შეესაბამება გაეროს მითითებებს ნაკლებად სასიკვდილო იარაღის გამოყენების შესახებ, ან 2024 წლის გაეროს პროტოკოლის მოდელს სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
პოლიციის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევას თან ახლდა თავდასხმების სერია, რომელიც ხორციელდებოდა ინდივიდუალური მომიტინგეების წინააღმდეგ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თავდამსხმელების მხრიდან, ადგილი ჰქონდა, ასევე, აქტივისტების სახლებისა და ოფისების დანაშაულებრივ დაზიანებას, სადაც კედლებზე წერდნენ სიძულვილის შემცველ შეტყობინებებს და ახორციელებდნენ მუქარის სატელეფონო ზარებს, მათ შორის აქტივისტების შვილებზე.
„ეს არის პოლიციის მხრიდან ყველაზე ძალადობრივი დარბევა 2007 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ“, – განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა, წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს (IRCT) ყოფილმა პრეზიდენტმა, “ერთად წამების წინააღმდეგ” კონსორციუმის (UATC) წევრმა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში წამების პრაქტიკამ შესამჩნევად იკლო საქართველოში. მიმდინარე მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ გარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნისა, ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა გამოყენებულია მმართველი პარტიის ოპონენტების გაჩუმებისა და დაშინების მიზნით.”
მომიტინგეები კანონს „რუსულს” უწოდებენ კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანონთან მისი მსგავსების გამო, რომელმაც გასული ათწლეულის განმავლობაში რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება გაანადგურა.
კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ მოითხოვს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ” პირებად დარეგისტრირებას, იმ შემთხვევაში, თუ მათი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან შემოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უნდა გადაიხადონ ჯარიმა. „უცხოელი აგენტის“ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ ის დაშვებულია პარლამენტის საბოლოო კენჭისყრაზე.
ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ კანონის შესრულება დაუყოვნებლივ საფრთხეს შეუქმნის ცენტრის ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებს – მათ შორის, წამების მსხვერპლების, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებსა და დევნის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების მონაცემებს.
წამება აკრძალულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით.
“ერთად წამების წინააღმდეგ” კონსორციუმი (UATC) არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც აერთიანებს წამების წინააღმდეგ მომუშავე მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ექვს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს 200-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან 100- ზე მეტ ქვეყანაში, წამების პრევენციის, დაცვის, რეაბილიტაციისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით.