„გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის კანონი უარყოფითად აისახება პოლიტიკურ კურსზე“
გამოკითხულთა მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დადებითი გავლენა ექნება საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ კურსზე. აღნიშნულის შესახებ კვლევა IPM-მა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 42% თვლის, რომ აღნიშნული კანონი უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე, 11% ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს, 28%-მა კი არ იცის, ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ 19%-დან, ვინც მიიჩნევს, რომ კანონის ეფექტი საქართველოს პოლიტიკურ კურსზე დადებითად იმოქმედებს, 20% რეგიონებში, ხოლო 17% თბილისში ცხოვრობს. მათგან, ვისაც უარყოფითი მოლოდინები აქვს, უმრავლესობა, 52% დედაქალაქში, 38% კი რეგიონში ცხოვრობს.
IPM-მა კვლევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სატელეფონო გამოკითხვის გზით. საველე სამუშაოები 2024 წლის 15-27 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა.