ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა. ამასთან, პრეზიდენტი დასძენს, „ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“.

„მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ არ შევლენ. 2020 წელთან უაზრო შედარებებია, რომელიც სულ სხვა რამე იყო, იქ არ იდგა ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და იმუშავეთ იმ რეფორმებზე, რასაც ვითხოვთ. მაშინ საზოგადოებაში არ იყო განცდა, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა. არ იყო განცდა, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა. იყო [გაყალბება], როგორც მე ვეძახი „ნორმალური გაყალბება“, მაგრამ ის განცდა, რომ არჩევნები და ქვეყანა მოგვპარეს, ეს განცდა არ არსებობდა. ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს, ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

პრეზიდენტის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მარტოა პარლამენტში, მარტოა მთავრობაში, ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული „ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე“.

„სანამ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, „ოცნება“ რჩება მარტო. დღეს არიან სულ სხვა მდგომარეობაში: მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში – ერთპარტიულია მთავრობა და პარლამენტი და ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე.

დღეს მდინარაძემ განაცხადა, რომ ისეთი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც იმედებს არ გაგვიცრუებსო. ანუ პრეზიდენტზე მოთხოვნა არის ის, რომ სრულად იყოს დამოკიდებული, როგორც არის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა, სუს-ი, ეროვნული ბანკი, აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ, ამას რა ჰქვია? – რუსეთი, ხომ? ამ სურათის ფონზე ყველა უფლებები არის დარღვეული. მე მაბრალებენ კონსტიტუციას არღვევსო. ყოველდღე ირღვევა ყველა უფლებები. უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა, რექტორი გახდა მათ დაქვემდებარებაში, პოლიცია შედის უნივერსიტეტში ანუ ამ ქვეყნის მიმართ იქნება უცხოეთის აღიარება? არ მოხვდება ეს ქვეყანა იზოლაციაში?“- განაცხადა ზურაბიშვილმა