როგორ ხდება თელავში წყლის რესურსების მართვა
ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, წყლის რესურსების მართვის და ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი განმარტებით, რესურსები ამოწურვადია და ამიტომ მისი მიზნობრივი გამოყენება უნდა ხდებოდეს. ეს ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, მათ შორის მდინარეების დაბინძურებისგან დაცვას.
სწორედ აღნიშნულ საკითხზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა. მონაწილეებმა, თელავში, საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერეს, სადაც ხდება ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით, რის შედეგადაც გარემოზე მავნე ზემოქმედება მცირდება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები იკლებს.
როგორც გამწმენდი ნაგებობების მართვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის არსებობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.
“ოპერირებაშია გასული გამწმენდი-ნაგებობა, რომელიც პირველ რიგში იწმინდება მექანიკურად და ბიოლოგიურად, მოიცავს ქალაქ თელავის საკანალიზაციო სისტემას, რითაც ვიცავთ მდინარე ალაზანს დაბინძურებისაგან”,- აღნიშნა ირაკლი დიდმანიძემ.
გარემოს დაცვის ექსპერტი, კახა სუხიტაშვილი განმარტავს, რომ ობიექტის არსებობა, მნიშვნელოვან რისკს არიდებს, გარემოს და იცავს მას დაბინძურებისგან.
”არსებული ობიექტი, ძალიან მნიშვნელოვანია თელავისთვის, მოსახლეობისთვის, ვინაიდან ძალიან დიდ რისკს ვაცილებთ გარემოს დაბინძურებისას და გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადგილს, საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. სამომავლოდ ვგეგმავთ, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზებულ ვიზიტებს, რათა მოსახლეობამ, მომავალმა თაობამ, გაიგოს რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ქვეყანაში და მეორეს მხრივ, დააფასოს ის ბუნებრივი რესურსები, რაც გვაქვს”,- აღნიშნა კახა სუხიტაშვილმა.
თელავში ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა რამდენიმე წლის წინ აშენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტზე ხდება ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები. უწყების ინფორმაციით, გამწმენდი ნაგებობის არსებობა აუცილებელია, როგორც ქალაქის გამართული წყალარინების სისტემისთვის, ისე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.
,,თელავში ეს უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია გახლავთ თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობა, სადაც მექანიკურთან ერთად ხდება ბაქტერიოლოგიური წმენდა, საბოლოო ჯამში მდინარეში ჩაედინება აბსოლუტურად გაწმენდილი და უვნებელი წყალი, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. როდესაც წყალარინებაზე და წყალზე ვსაუბრობთ თელავთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება, ზოგიერთი მათგანი უკვე შესყიდვის პროცესშია. გათვალისწინებულია მთლიანი დაქსელვა, ასევე წიწმატიანის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ახალი მაგისტრალის მოწყობა, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ თელავის ამჟამინდელი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, არამედ მზარდი პოტენციალისთვის. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ, თელავს ექნება 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება, ისევე როგორც ეს ზუგდიდში, ქუთაისში, ჭიათურაში და წნორშია“ -აცხადებენ სამინისტროში.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 16.9 მილიონი ლარი შეადგინა.