ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ვინ არიან სოციალური ქსელის ვარსკვლავები-რობიზონ პაპა და მისი შვილიშვილი დედოფლისწყაროდან

ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელებში პოპულარულია 88 წლის ქიზიყელი პაპის და მისი შვილიშვილის ვიდეოები. ახალგაზრდამ ვიდეოების გადაღება რობიზონ პაპასთვის 9 თვის წინ დაიწყო და დღეს ის ყველაზე პოპულარულია facebook-სა და tiktok-ში.

ვიდეოებში, რომელსაც ზუკა ნატროშვილი იღებს და აქვეყნებს, პაპა, რობიზონ ნატროშვილი ემოციურად საუბრობს მის სურვილებზე, განვლილ ცხოვრებაზე, სამომავლო გეგმებსა და ოცნებებზე. ვიდეოებს რეკორდულად ბევრი რეაქციები აქვს.

@me.da.papa #global #foryou #პაპაშვილიშვილი ♬ original sound – music>>>

 

,,პატარაობიდანვე მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება პაპა-ბებიებთან და რაც ტელეფონი მაქვს სულ ვუღებდი ვიდეოებს. მინდოდა, რომ მქონოდა თუნდაც მათი ემოციები შენახული, რომელიც იყო გულწრფელი და ნამდვილი. პაპა ახლა 88 წლისაა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი და მისი ოცნებები ერთმანეთს ემთხვევა. ამან ნათლად მაჩვენა, რომ სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იყო ცოცხალი, ასაკში შესვლა განაჩენი არ უნდა იყოს. პირველი ვიდეო, რომელიც პაპას გადავუღე, 9 თვის წინ დავდე და დიდი გამოხმაურება და სიყვარული მოყვა. ხალხმა დაინახა გულწრფელი, ნამდვილი ემოცია. ამან მომცა ბიძგი, რომ დამედო უფრო ბევრი და კარგი ვიდეო. როდესაც ვიღებ ვიდეოს, არასდროს არ არის დადგმული და დამუშავებული. ჩვენ ვცხოვრობთ დედოფლისწყაროში და აქ ბედნიერები ვართ’’,-განუცხადა knews.ge-ს ზუკა ნატროშვილმა.

ზუკა ამბობს, რომ ვიდეოების სოციალურ ქსელში განთავსების შემდეგ, დადებითი ემოციები და მესიჯები არ წყდება. ეს კი, როგორც თავად ამბობს, რობიზონ პაპას დიდ სტიმულს აძლევს.

,,საზოგადოება ჩვენს ვიდეოებს შეხვდა ძალიან დადებითად და დღითიდღე იზრდება მათი რიცხვი. ყოველდღე მოდის უამრავი შეტყობინება, სადაც გამოხატავენ სიყვარულს, სიხარულს და ბევრ დადებით ემოციას. ბევრ ადამიანს გარდაცვლილი ყავთ პაპა და მას ამსგავსებენ თავიანთ მონატრებულ პაპებს. რობიზონ პაპასთვის ძალიან ემოციურია ამხელა სიყვარული, ეს მას აძლიერებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს.
ვიდეოები, ძირითადად, ჩვენს ურთიერთობას ასახავს და ჩვენს ოცნებებს და სურვილებს გამოხატავს_გვიყვარს დროის ერთად გატარება’’,-
ამბობს ზუკა.

@me.da.papaყოველთვის ვდებ დაუმუშავებელ ვიდეოებს , მხოლოდ ხმის ფილტრი მადევს იმიტომ მაქვს ესეთი უცნაური ხმა (ვისაც გაინტერესებდათ) 💪♬ ასი წლის შემდეგ – პანჩო

ზუკა ამბობს, რომ განსაკუთრებული აქტიურობა ფეხბურთის ეროვნული გუნდის შესახებ გადაღებულ ვიდეოს მოყვა, სადაც პაპა ეროვნული გუნდის წარმატებაზე საუბრობს და ოცნებობს, რომ თამაშს გერმანიაში დაესწროს. მისივე განმარტებით, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, პაპას აჩუქეს როგორც ფეხბურთზე დასასწრები, ასევე გერმანიაში გასამგზავრებელი ბილეთები და მისი ოცნება რეალობად იქცევა.

,,როდესაც ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა საბერძნეთთან და მოვიგეთ, პაპას ჰქონდა დიდი ემოცია, სიხარულით ვერ იძინებდა ღამე. როდესაც ვკითხე რა იყო მისი ოცნება, გულწრფელად მითხრა, რომ მინდა გერმანიაში ჩვენი ბიჭების თამაშის ყურება და ქომაგობაო. როდესაც დავდე ვიდეო, ადამიანების კომენტარები და შეტყობინებები არ წყდებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ მოვაგროვებთ ფულს და გავუშვებთ პაპას გერმანიაშიო. ასევე ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ინფლუესერი გამომეხმაურა, ვინც მწერდა, რომ დააფინანსებდნენ პაპას გერმანიაში გამგზავრების ტურს სრულად. გარდა ამისა, ვიდეოს გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძეც. მან დაწერა კომენტარებში, რომ თავად აფინანსებდა პაპას ოცნებას და მალევე მისი ასისტენტი შემეხმიანა. მან მითხრა, რომ პაპას ამის შესახებ თავად ბატონი მამუკა ეტყოდა. მან პაპას უთხრა, რომ სრულად დაუფინანსებდა გერმანიის ტურს. პაპას ძალიან გაუხარდა და ემოციებისგან ის ღამეც ვერ დაიძინა. მინდა, რომ ჩემი და პაპას სახელით დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას’’,- განაცხადა ზუკა ნატროშვილმა.

გარდა ამისა, ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, კახელმა გიორგი ქოჩორაშვილმა, პაპას საკუთარი მაისური აჩუქა, რომელიც მისმა მშობლებმა ადგილზე მოუტანეს.

,,ერთ-ერთ ვიდეოში პაპამ თქვა, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველა მაგარია, მაგრამ გიორგი ქოჩორაშვილს გამოვარჩევო, იმიტომ, რომ თამაში მომეწონა მისი და თან კახელიაო. ეს ამ მაგარ ბიჭს უყურადღებოდ არ დაუტოვია და თავის მამას, პაპასთვის მაისური და ვიდეო ჩანაწერი გამოატანა. ის პირადად გაცნობას და მაისურზე ხელმოწერას შეპირდა. ამანაც ძალიან გაახარა რობიზონ პაპა.’’

ზუკა აცხადებს, რომ სამომავლოდ დაგეგმილი აქვს პაპას სურვილების ასრულებაზე იზრუნოს და მას ცხოვრება გაულამაზოს.

,,სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გავაგრძელებთ ისევ ასე და ვეცდები, რომ ჩემი და პაპას ოცნებას, რომელიც არის ევროპაში მოგზაურობა ფრთები შევასხა. მინდა, რომ საინტერესო, პროდუქტიული და სიხარულით გაჯერებული სიბერე ჰქონდეს და არასდროს იგრძნოს, რომ უკვე მოხუცია და მის ოცნებებს აზრი არ აქვს,’’- აცხადებს ზუკა.