სტომატოლოგიური სერვისის ტარიფები დაზღვეული და დაუზღვეველი პაციენტებისთვის შესაძლოა განსხვავებული იყოს
ზრდიან თუ არა კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის ტარიფებს სტომატოლოგიური კლინიკები? ეს კითხვა პაციენტების ნაწილს გაუჩნდა.
მათი განცხადებით, როცა ინტერესდებიან, რა ჯდება იგივე მანიპულაცია დაზღვევის გარეშე, კლინიკაში უფრო ნაკლებ ტარიფს უსახელებენ, ვიდრე – დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში.
პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ, მართალია, თანაგადახდის გამო, უფრო ნაკლების გადახდა უწევთ, ვიდრე დაუზღვეველ პაციენტებს, თუმცა საწყისი ტარიფი მათთვის მაინც მაღალია და ეჭვი აქვთ, რომ ეს ფასების ხელოვნურად „გაბერვის“ შედეგია, რის გამოც მათ იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე თანაბარი ტარიფის პირობებში მოუწევდათ.
jandacva.ge-სთან ამ საკითხზე განმარტებები საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, როცა სადაზღვევო კომპანია პროვაიდერ კლინიკებთან ხელშეკრულებას აფორმებს და მათგან სერვისებს ყიდულობს, ის უპირატესობას იმ კლინიკებს ანიჭებს, რომლებიც მისაღებ ტარიფს შესთავაზებენ. შესაბამისად, ალხანიშვილი გამორიცხავს, რომ დაუზღვეველი და დაზღვეული პაციენტებისთვის ერთ მომსახურებაზე ერთ კლინიკაში განსხვავებული ფასები იყოს.
ამასთან, მისივე განმარტებით, შესაძლოა არა ხშირად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს შემთხვევას, როცა სადაზღვევო კომპანიას შეძენილი აქვს გარკვეული სერვისი – მაგალითად, დაბჟენა, თუმცა დაბჟენისთვის საჭირო მანიპულაციების ნაწილი – არა. ამ უკანასკნელზე კი ფასები, შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე – დაუზღვეველისთვის, რაც პაკეტში ფასს აძვირებს. სწორედ ესაა იმის შედეგი, რომ, როცა დაუზღვეველი პაციენტი ერთ მომსახურებას იღებს, მისთვის ეს სერვისი ზოგ შემთხვევაში უფრო იაფია, ვიდრე – დაზღვეულისთვის.
ალხანიშვილის თქმით, ეს სპეციფიკური მექანიზმია და ამიტომ როდესაც პაციენტი მიდის სტომატოლოგიურ კლინიკაში, ჩაშლილად არც თავად კითხულობს მომსახურების ტარიფებს და არც კლინიკა აწვდის მას დეტალურ ინფორმაციას. ზურაბ ალხანიშვილი კიდევ ერთ ფაქტორზე საუბრობს:
„სტომატოლოგიაში ინერგება ახალი ტექნოლოგიები, თუმცა სადაზღვევო კომპანიები ყველა მათგანს არ ანაზღაურებს. მაგალითად, კბილის დაბჟენისას გამოიყენება ახალი ტექნოლოგიის ინსტრუმენტები, რომლებიც გართულებების რისკსა და მანიპულაციის დროს ამცირებს, არის უფრო კომფორტული პაციენტისა და ექიმისთვის. თუმცა სადაზღვევო კომპანიები მას არ აფინანსებენ. ტარიფებზე გავლენას ესეც ახდენს.“