შირაქის ავიაბაზა- ადგილი რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
დედოფლისწყაროში, შირაქის ავიაბაზაზე, დღესაც ნახავთ ამ დრომდე შემორჩენილი აეროდრომის ინფრასტრუქტურას, რომელიც დაზიანებულია. გარდა ამისა, აქ ასევე ნახავთ ძველი თვითმფრინავების ნარჩენებს.
,,დიდი შირაქის” აეროდრომის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციაა ამ დრომდე შემორჩენილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ის ბევრ საინტერესო ინფორმაციას და დღემდე შეუსწავლელ ისტორიას ინახავს.
,,ეს ადგილი ყველა ადგილობრივისთვის საინტერესო და იდუმალი ადგილია თავისი ისტორიით, ლეგენდებით და გავრცელებული ამბებით. ჩემს ბავშვობაში, კომუნისტების დროსაქ ავიაბაზა იყო. ტერიტორია სულ თვითმფრინავებით იყო სავსე. თუ სწორად მახსოვს, 1993 წლამდე ბომბდამშენები იდგა მანდ ბოლოს. გარდა ამისა, ვინც მანდ ყოფილა, ყველა ამბობს, რომ იქ მიწისქვეშ არის მოწყობილი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. სამწუხაროა რომ ახლა მიტოვებულია”,- აცხადებს ადგილობრივი ლევან ქევხიშვილი.
ადგილობრივები ასევე აცხადებენ, რომ კარგი იქნება აღნიშნული ადგილის რეაბილიტაცია მოხდეს.
,,კარგი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ ადგილის რეაბილიტაციაზე რომ იფიქროს, ძალიან გამოადგება საქართველოს. ეს არის უზარმაზარი ქონება რომელიც უნდა გამოიყენოს ქვეყანამ. აქ შეიძლება გაიხსნას საავიაციო სკოლა, მომზადდეს უამრავი სამხედრო და სამოქალაქო მფრინავი, აქ შეიძლება გაიხსნას და გაკეთდეს საავიაციო აკადემია და სამხედრო ბაზაც აღდგეს”,- აცხადებენ ადგილობრივები.
შირაქის ავიაბაზაზე ინტერნეტში ნაკლები ინფორმაციაა. ნაკლებია ასევე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ამის შესახებ იციან. როგორც აღნიშნულ საკითხზე, Geo Stalk – Urbex And More-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შირაქში აეროდრომის აშენების ინიციატივა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ნანეიშვილს ეკუთვნის.
Geo Stalk – Urbex And More-ს მიერ აღნიშნულ საკითზე მომზადებული ვიდეო ბლოგიდან, რომელიც youtobe არხზეა განთავსებული, კარგად ჩანს დღემდე შემორჩენილი ინფრასტრუქტურა. ასევე მათ გაავრცელეს ფოტო მასალაც, რომელიც იქ არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ვლადიმერ ნანეიშვილს 1950 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 34-ე საჰაერო არმიის სარდალი გახლდათ. გადმოცემით, თელავის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ნანეიშვილის თვითმფრინავს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა და გენერალმა ორმოტორიანი თვითმფრინავი ავარიულად მდინარე ალაზნის ახლოს მინდორზე დასვა. მას ისე მოსწონებია ეს ადგილი, ყველა ღონე უხმარია, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, შირაქის ველზე, სოფლების – ზემო ქედისა და არხილოსკალოს ახლოს სამხედრო აეროდრომის აეშენებინა.
,,თავდაპირველად აეროდრომს არ ჰქონდა ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რაც შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავების ბაზირებისთვის დიდი პრობლემა არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ავიაციაში მასობრივად გამოჩნდა რეაქტიულძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავები, დიდ შირაქში ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ბეტონის ფილები დააგეს. დიდი შირაქის აეროდრომზე განთავსებული იყო ალექსანდრე ნეველის სახელობის წითელდროშოვანი 168-ე გვარდიული გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი, რომლის შეიარაღებაში 1977 წლამდე Су-7Б ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენთა სამი ესკადრილია შედიოდა.
70-იანი წლების ბოლოსთვის უკვე მოძველებული Су-7Б-ები იმ დროისთვის თანამედროვე Су-17 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა შეცვალა. საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მონაკვეთამდე დიდი შირაქიდან პირდაპირი ხაზით 250 კმ-ზე მეტი არ იყო და კახეთიდან აფრენილ გამანადგურებელ-ბომბდამშენებს ბომბების ჩამოყრა (მათ შორის ბირთვულისაც) ტრაპიზონსა და ერზერუმშიც კი შეეძლოთ. სახელის შეცვლა იმით იყო განპირობებული, რომ Су -17M3 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების ნაცვლად პოლკის გადაიარაღება 1988 წლიდან Су -24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით დაიწყო. დიდ შირაქში 1992 წლის დასაწყისისთვის 30 ცალი Су -24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი იდგა, რომელთა საბრძოლო ამოცანები Су -17M3-ებთან შედარებით გაზრდილი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი შირაქიდან აფრენილი 39,7 ტონიან Су -24-ს 7 ტონა საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება 600 კმ რადიუსში შეეძლო. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაისვა საკითხი პოლკის სასწრაფოდ რუსეთში გაყვანის შესახებ.
1992 წლის 10 ივნისისთვის 30-ვე Су -24 ტიპის ბომბდამშენი დიდი შირაქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, მარინოვკის აეროდრომზე გადააფრინეს. ავიაბაზის ტერიტორიაზე არის განთავსებული რამდენიმე მიწისქვეშა ბუნკერი, რომლებიც რადიოკავშირის ტექნიკისთვის და საბრძოლო მასალის შესანახად იყო აშენებული. დღესდღეობით საავიაციო ბაზაზის ტერიტორიასმწყემსები იყენებენ როგოც საძოვრად, ასევე ანგარებში თივის შესანახად. ტერიტორიაზე დგას ერთადერთი ნახევრად დაშლილი გამანადგურებელი. ავიაბაზის გვერდით არის განთავსებული სამხედრო აეროდრომის სამხედრო ნაწილი, სადაც არის განლაგებული უზარმაზარი ზომის ბირთვული ნაკეთობების საცავი. ტერიტორია იქაც სრულად არის მიტოვებული. დადის ბევრი ჭორი, რომ აქ შირაქში არის უზარმაზარი მიწისქვეშა გვირაბების სისტემა და რამდენიმე სართულიანი ბუნკერი არის განთავსებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღნიშნული ნაგებობები ჩვენს მიერ აღმოჩენილი არ არის. გამოდის, რომ აქ ბუნკერი ან საერთოდ არასდროს ყოფილა, ან მათი შესასვლელები იმდენად საიმედოდ არის დამალული და დაკეტილი, რომ მას მხოლოდ სპეციალური რუკებით თუ იპოვი”,– წერია Geo Stalk – Urbex And More-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.