ახალი და ძველი შუამთა- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
თელავი ულამაზესი მუნიციპალიტეტია, რომელიც გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით.
აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს. განსაკუთრებით ცნობილია იყალთოს მონასტერი, ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი, კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა.
ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სასახლეში განთავსებულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ფოტოფონდი და სხვა.
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარმა სახელწოდება ადგილმდებარეობიდან მიიღო – მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.
ძველი შუამთა ქართული მართლმადიდებლური მონასტერი კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.
სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა; VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.
მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით — მოხატული. შემონახულია ქტიტორთა პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორივე ეკლესია ერთდროულადაა აგებული შუამთის მონასტრის წინამძღოლის მიერ, რომელმაც პატარა ეკლესია თავისი განმარტოებისათვის ააგო. ამ ეკლესიის ქვეშ განთავსებულია საძვლე.
ფოტოები: https://georgiantravelguide.com/ka/telavi