ჭერმის ,,ნაქალაქარის” ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია- ფოტო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის ,,ნაქალაქარის” ტერიტორიაზე, სხვადასხვა უძველეს ძეგლებს შეხვდებით. ერთ-ერთია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც დგას ,,წვეროდაბალის” ბორცვზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ძეგლი თარიღდება V-VI საუკუნეებით.
მისი განმარტებით, მეცნიერთა ვარაუდით, ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ უნდა იყოს აშენებული, რომელმაც მე-V საუკუნეში დაარსა ,,ციხე-ქალაქი” ჭერემი.
ჭერემის ნაქალაქარი — არქეოლოგიური, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, შუა საუკუნეების ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჰერეთში, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის დასავლეთით 5 კმ-ის დაშორებით. იგი მდებარეობს გომბორის ქედის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ჭერმისხევის (მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა, მაღალ ნაპირზე.
საისტორიო წყაროებში ქალაქ ჭერემის ლოკალიზაციის, ქრონოლოგიის, საეკლესიო კათედრის დაწესების, სპარსთა ლაშქრობისა და მისი მარშრუტის შესახებ დაცული ცნობები მნიშვნელოვნად შეავსო ნაქალაქარის არქეოლოგიურმა გამოკვლევამ, რომელსაც 1970 წლიდან ათი წლის განმავლობაში ეწეოდა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). შედეგად სოფლის ტერიტორიასა და მის შემოგარენში გამოვლინდა ქვის, ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანისა და შუა საუკუნეების ძეგლები.