ახალი ამბები

„ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.

მსვლელობით მისულ აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე მყოფები ტაშით შეხვდნენ. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.

ევროპის მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, სადაც სიტყვით გამოსვლები დაიწყო.

აქციის მთავარ ლოკაციამდე პროტესტის მონაწილეებმა მარში მოაწყვეს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მოგვიანებით, მარშის მონაწილეები, სხვადასხვა ლოკაციიდან ბარათაშვილის ხიდზე შეერთდნენ და მსვლელობით გაემართნენ ევროპის მოედნამდე. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე წუთით შეჩერდნენ, რა დროსაც სკანდირებდნენ – „რუსებო!“, „მონებო!“.

მსვლელობისას თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა.