ახალი ამბები

გაძვირებული საგაზაფხულო სამუშაოები კახეთში

კახეთში მიწის დამუშავება გაძვირდა. ფერმერების თქმით, წელს ერთი ჰექტარი მიწის დამუშავების ფასი 1000-დან 3000 ლარამდე მერყეობს.
მევენახეები აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს მიწის დამუშავების ფასები გაზრდილია, რასაც ძირითადად, საწვავის ფასის ზრდა განსაზღვრავს.
,,გასულ წელს, 1 ჰექტარი მიწის დამუშავება, დაახლოებით, 300 ლარით ნაკლები დამიჯდა. წელს გაცილებით მაღალია ეს ფასი. მიწის დამუშავება 3000 ლარამდე მიჯდება ყველა პროცედურაზე, მაგრამ ამ თანხაში არ შედის სასუქისა და შხამ-ქიმიკატების ღირებულება. გარდა ამისა, სარწყავი სისტემა არ მოწესრიგდა და ასევე, გასაღების ბაზრები არ მოიძებნა., მიწის დამუშავებას ბევრი გლეხი ვერ შეძლებს და ჩამოართმევენ სამომავლოდ. საწვავის ფასი კატასტროფულად გაზრდილია და შემდგომი სერვისები, რომელიც უნდა მოვიხმაროთ, ისიც გაზრდილია. ეს, იწვევს ნაკვეთების დაუმუშავებლობას და, ასევე, სოფლის დაცლას“, – ამბობს knews.ge-სთან ბონდო ზურაბაშვილი.
ნიკა ერგემლიძეს ხორბალი მოყავს და ვაზი აქვს გაშენებული. მისი თქმით, 1 ჰა ნაკვეთის დამუშავება, სადაც ხორბალი მოყავს, დაახლოებით, 1500 ლარამდე უჯდება, ხოლო სადაც ვაზი აქვს გაშენებული, ყველა პროცედურა 3000 ლარამდე მერყეობს.
,,ნაკვეთის დამუშავების ფასი ზოგადად დამოკიდებულია საწვავის ღირებულებაზე. ერთ სეზონზე ვენახის სამუშაოები და დამუშავება 1000 ლარი მიჯდება. მხოლოდ მიწის კულტივაცია, დაახლოებით, 150 ლარი ჯდება და მინიმუმ, 5 ჯერ მაინც უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა. ვენახის მოხვნა 200 ლარი ჯდება და ესეც რამდენჯერმე სჭირდება. ასევე, ნაკვეთებში უნდა ჩატარდეს. სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც საკმაოდ მაღალი ფასი ჯდება“.
მიწის დამუშავებას არ აპირებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცხოვრები ნოდარ მეზვრიშვილი. მისი განცხადებით, ოჯახი მიწებს 10 წელზე მეტია აღარ ამუშავებს. იგი მიზეზად მოსავლის რეალიზაციის დროს შექმნილ პრობლემებსა და ფინანსებს ასახელებს.
„ჩემი მიწის ნაკვეთი 10 წელზე მეტია არ დამუშავებულა. ხშირად იმიტომ არაფერს ვთესავდი, რომ ხარჯებს ვერ ვანაზღაურებდი. არც სარწყავი სისტემაა ხელმისაწვდომი და სხვა პრობლემებიც ბევრია. ჩვენი მოყვანილი პროდუქტი მიზერული ფასი ღირს, თან დოლარის კურსის გამო ყველაფერი გაძვირდა. სოფლის მეურნეობის დარგები როგორ უნდა გავითარდეს თუ საჭირო თანხები არ გვექნება ან მთავრობა არ შეგვიწყობს ხელს. წელს, დაახლოებით, 50% მიწის დაუმუშავებელია. სოფლის მეურნეობის სფეროში ბევრი პრობლემაა.“, – ამბობს მეზვრიშვილი.
მევენახეები სხვა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ აგროკულტურების დაზღვევის დინამიკა საქართველოში დაბალია. ამისი მიზეზი კი, ბევრია. ისინი აცხადებენ, რომ გარდა იმისა, რომ დაზღვევა მათთვის ხელმისაწვდომი არ არის და ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯია., ამისთვის მათ არც ფინანსები ყოფნით და არც, პროგრამაა რეალობაზე მორგებული.
,,სადაზღვევო სისტემა იმდენად გამართულად უნდა მუშაობდეს, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ყველა მცირე ფერმერს უნდა შეეძლოს მოსავლის დაზღვევა. სოფლის მეურნეობის დარგი ვერ გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება მისი განვითარებისთვის. უფულობის გამო, მცირემიწიანი ფერმერები ვერასდროს ვერ აზღვევენ მოსავალს და ღმერთის იმედად რჩებიან. რა გამოდის, რომ რასაც ვხარჯავთ, იმასაც ვერ ვინაზღაურებთ. სტიქია ბოლომდე გვანადგურებს ყოველ წელს“, – აღნიშნავს knews.ge-სთან მერაბ ხატიაშვილი.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
,,მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, – აცხადებს მინისტრი.