ახალი ამბები

2025 წლიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ხელფასი გაეზრდებათ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2025 წლიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ხელფასი გაეზრდებათ.

პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2017 წელს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელმაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი გარანტიები შექმნა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათი უფლებების განმტკიცებისთვის და მეორე მხრივ, ეს იყო პროცესი, რომელიც თან ახლდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„რეფორმას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. მაშინ გარკვეული კოეფიციენტები დაწესდა, მათ შორის, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წევრების მიმართ, მაგრამ ფაქტობრივად 10 წლის მანძილზე მათი ხელფასები არ გაზრდილა.

გასულ წელს, კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანაზღაურების წესის საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი არ არის, პროექტის მიღების შემთხვევაში კი, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება. პროექტის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული.

“პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, რაც გამოიწვევს გასამრჯელოს ოდენობის ზრდას.

აღნიშნული თანამდებობის პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა “საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში – 100 000 ლარს ზემოთ“, – აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას შეეხებათ: – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.

რაც შეეხება პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებას, მათთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.