3-ზე მეტი ძაღლის ან კატის ყოლისას, რა შემთხვევაში არ იქნება საჭირო მეზობლების თანხმობა
3-ზე მეტი ძაღლის ან კატის ყოლისას, რა შემთხვევაში არ იქნება საჭირო მეზობლების თანხმობა, ამის შესახებ განმარტება „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდა უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაცია, არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს და მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ „თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1-ელი ივლისიდან.
„ამბობენ რომ თითქოს: კანონის მიღებისთანავე აიკრძალება 3-ზე მეტი ცხოველის ყოლა საკუთრებაში, ხოლო, 3-ზე მეტი ძაღლის ყოლის შემთხვევაში სავალდებულო იქნება მეზობლების უმრავლესობის თანხმობა.
სინამდვილეში, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. ამასთან, არანაირი თანხმობის საჭიროება მეზობლებისგან არ არის დადგენილი. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ „თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1-ელი ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა. ამასთან, პროექტით იკრძალება ცხოველების ე.წ შემგროვებლობა“, – აღნიშნა ბითაძემ.
ბითაძის თქმით, კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი.
„ამბობენ, რომ კანონის ამოქმედებიდან მიმკედლებლებს დააწვებათ ვალდებულება გაუკეთონ მიკედლებულ ცხოველს, როგორც ანტირაბიული, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია და გაუწიონ ვეტერინარული მომსახურება.
სინამდვილეში: კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინაციას, სახელმწიფოს მხრიდან ასევე გაგრძელდება უპატრონო ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში, რადგან კანონპროექტით არ დგინდება მიკედლებული ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა, სახელმწიფო ანტირაბიულ ვაქცინაციას უზრურნველყოფს 2027 წლის ბოლომდე.
ამასთან, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მიმკედლებლისათვის, არც კომპლექსური ვაქცინაციის და არც სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევის ვალდებულებას“, – აღნიშნა ბითაძემ.