ახალი ამბები

საქართველოში შემოსული ყოველი მე-5 ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოში შემოსული ყოველი მე-5 ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა.

„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.

2022 წელს, პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატებოდა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლები იყო.

2023 წელს რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე 3.6%-ით ნაკლებია. 2023 წლის მე-4 კვარტალში, 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 12%-ით კლება დაფიქსირდა.

2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო. 2023 წელს კი 20.1%. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ისთვის აქამდე არასდროს გადაუჭარბებია.