ტექინსპექტირების ცენტრებს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ახალი მოთხოვნები უწესდებათ
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი ხდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს.
ამასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს ორ კანონში – “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ორივე კანონპროექტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს დაიწყო.
ცვლილების მიხედვით, ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სააგენტოს მიერ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, დაჯარიმებას გამოიწვევს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას: სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში – 2000 ლარის ოდენობით; უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებისას, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის/გამოტანილი დადგენილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება და ა.შ.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ამასთან, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსწევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.