ღვინის ექსპორტიორებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
ქართველმა მეღვინეებმა ევროპულ ბაზარზე გასატან ღვინოზე შემადგენლობის დაწერა დაიწყეს.
ევროკავშირის მასშტაბით, 2023 წლის 8 დეკემბრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, გასაყიდ ღვინოსა და ღვინის პროდუქტებზე ინგრედიენტების და ნუტრიციული შემადგენლობის მითითება სავალდებულო გახდა.
კერძოდ, თუ აქამდე ღვინისა და ღვინის პროდუქტების რეალიზატორები, გამონაკლისის სახით თავისუფლდებოდნენ შეფუთვაზე იმ ინფორმაციის მითითებისგან, რომელიც სხვა საკვები და სასმელი პროდუქტების ეტიკეტებზე არის დატანილი, ღვინოზე კი მხოლოდ ალკოჰოლის შემცველობისა და ალერგენების შესახებ ინფორმაციის მითითება იყო საჭირო, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ეს წესი შეიცვალა.
ამიერიდან, ევროკავშირში გასაყიდი ღვინოების ფიზიკურ ეტიკეტებზე დატანილი უნდა იყოს პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება კილოჯოულების, ან კილოკალორიების სახით. დანარჩენი ინფორმაციის განთავსება კი ელექტრონულად, მაგალითად, QR კოდის მეშვეობით მოხდება. გარდა ენერგეტიკული ღირებულების, ალერგენებისა და ალკოჰოლის შემცველობის შესახებ ინფორმაციისა, რაც ფიზიკურ ეტიკეტზე უნდა იყოს განთავსებული, ელექტრონულ პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ღვინის ნუტრიციული შემადგენლობის, კერძოდ ცხიმების, ცილების, ნახშირწყლებისა და მარილის შემცველობის შესახებ.
ქართული ღვინის გილდიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი კომპანიებისთვის ახალ რეგულაციაზე გადაწყობა რთული არ იქნება და მათ მხოლოდ დამატებით, მცირე ხარჯის გაწევა მოუწევთ.
მისივე თქმით, ახალი რეგულაციის შესახებ, ქართველი მეღვინეები გარკვეული პერიოდით ადრე იყვნენ ინფორმირებულები და მათმა დიდმა ნაწილმა ამ რეგულაციაზე მორგება უკვე დაიწყო.
ღვინის სექტორში ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაცია ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რადგან ხარისხის მიმართ ევროკავშირის ქვეყნები არიან ყველაზე მკაცრი.
რაც შეეხება ექსპორტის კუთხით ქართული ღვინის გასული წლის მიღწევებს, ქვეყანამ 2023 წელს ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება. ექსპორტის ღირებულების მცირედით ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ღვინის მოცულობა თითქმის 12%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის ღირებულება იყო გაზრდილი, რამაც დააკომპენსირა შემცირებული საექსპორტო მოცულობა. ჯამში, 2023 წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 89 ათას ტონაზე მეტი ღვინო გაიყიდა.
როგორც მეღვინეები ამბობენ, რაოდენობაში კლება ცუდმა მოსავალმა განაპირობა. გასულ წელს ღვინის სექტორისთვის ცუდი კლიმატური პირობები იყო, კერძოდ წვიმა მთელი გაზაფხულის და ზაფხულის პირველ ნახევარში და ასევე სეტყვა, რომელიც რთველის პროცესში ორჯერ მოვიდა.