„სისხლიანი ქორწილი“-ამბავი რომელიც თელავში დღესაც ახსოვთ
1924 წლის აგვისტოს ბოლოს, თელავში დღევანდელი 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში მდებარე ორსართულიან, აივნიან სახლში გამართულ ქორწილზე, რომელიც თელაველების მეხსიარებეში შემორჩა, როგორც „სისხლიანი ქორწილი“ ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ.
მასალებში აღნიშნულია, რომ ქორწილდებოდა „აწყურელის“ ფსევდონიმით მოღვაწის, იმ დროს ცნობილი მსახიობის, დავით გამყრელიძის ვაჟი – საშა გამყრელიძე. ზოგი ცნობით კი, ეს იყო ირაკლი გამყრელიძე, საცოლე კი ნინო რცხილაძე ვარშავაში სამედიცინო განათლება მიღებული კბილის ექიმი გახლდათ.
ირაკლი რაზმაძე თავის მოგონებაში, რომელიც მისი შთამომავლების ოჯახშია დაცული, წერს – „ ეხლა მოვიყვან იმ საბედისწერო ღამის უშუალო მოწმის ნაამბობს – ყველგან დაძაბული მდგომარეობა იყო. გარკვეული ჯგუფები ემზადებოდნენ აჯანყებაში მონაწილეობის მიღებას. ელოდებოდნენ განკარგულების მიღებას. სოფელ აწყურში გამყრელიძეები ცხოვრობდნენ, მათ შორის დავით გამყრელიძე (მსახიობი, აწყურელის ფსევდონიმით), მისი ძმა ვიქტორი, ლადინო, არჩილი. დავით გამყრელიძის შვილი საშა გამყრელიძე თელავში ცხოვრობდა. იგი ცოლად ირთავდა ნინო რცხილაძეს. თელავში 25-26 აგვისტოს რცხილაძეების ოჯახში ქორწილი გამართეს. დაპატიჟეს აწყურელი ვაჟკაცები, ისინი თავს იკავებდნენ, რადგან ყოველ წუთს ელოდნენ განკარგულებას, წაუსვლელობა არ შეიძლებოდა რადგან ეჭვს დაბადებდა. სიმღერებით განთქმული აწყურლები: ირაკლი, ლადიკო, ვიქტორი, დათა გამყრელიძეები, დათა, მიხა, სულხან სულხანიშვილები, სოლო მაჭავარიანი, გიტო(გიჟო?) შავლიაშვილი, ბაბულია სულხანიშვილი, მაკრინე ბურკაძე სუფრას შემოუსხდნენ, მაგრამ სიმღერა ვერ ეწყობოდა. ქალაქში სამხედრო წესებია გამოცხადებულიო. ღამის პირველ საათზე კაკუნი გაისმა. კარები თვით ნეფე საშა გამყრელიძემ გააღო.
შემოვიდა პოლიტბიოროს უფროსის მოადგილე ტოლსტოი (უნდა იყოს ტოლსტოვი – თ.ს.), რომელმაც მოითხოვა სუფრის წევრების დაშლა. საშამ ტოლსტოი გააცილა, მერე სთხოვა ყველას დარჩენილიყვნენ და გაეგრძელებინათ ქეიფი.
დაახლოებით ღამის სამ საათზე განმეორებით გაისმა კარის ბრახუნი. ამჯერად შემოვიდნენ პოლიტბიუროს ხალხი, ყველას ხელები ააწევინეს და სათითაოდ გაიყვანეს. სულხან სულხანიშვილი ყველაზე უმცროსი იყო, იგი ქალებმა მაგიდის ქვეშ შაძვრინეს, შემდეგში მოძებნა გასაპარი ადგილი და იქიდან გაიპარა. ეზოში გაყვანილი ხალხი პირდაპირ ციხეში წაიყვანეს“.
მეორე თვითმხილველის, სხვადასხვა ცნობით, ამ ქორწილის მონაწილე ელიზბარ მაყაშვილს მოვუსმინოთ. მან 1970 წელს ჟურნალ კავკასიონის მე-14 ნომერში დაბეჭდა მოთხრობა „საბედისწერო ქორწილი“, სადაც ოდნავ განსხვავებულ ისტორიას ჰყვება. მისი სიტყვებით, ქორწილში შეგნებულად დაუპატიჟიათ – „ქალაქლის აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარე, მთავარი მოღალატე, გაფლანგვაზე ყოფილი პატიმარი და დღეს კახეთის ბატონ-პატრონი, რეუ, ამპარტავანი და პატიოსნებას მოკლებული. მის გვერდით ჩეკას უფროსი, ცნობილი ჯალათი, რუსული ჯარის უფროსი, ლოთი რუსი და სხვანი“.
საინტერესოა, რომ აქვე აქვტორი საუბრობს ქორწილის შეთქმულების გეგმის დაცვაზე და მოღალატედ ასახელებს ნეფეს. ახლა ძნელია დაასაბუთო, თუ ვინ იყო გამცემი, თუმცა ერთი რამ ცხადია, მექორწილეები შემთხვევით არ დაუპატიმრებიათ. ვინ იცის იქნებ მათი დაპატიმრებით თელავის მაზრაში აგვისტოს შეიარაღებული აჯანყების მოთავეებიც დააპატიმრეს საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლებმა. ვფიქრობ, აუცილებელია კვლევების გაგრძელება, რომ ამ საკითხს ნათელი მოეფინოს.
ელიზბარ მაყაშვილი მოთხრობაში ახსენებს ვინმე ვანოს, რომელიც გაქცეულა ქორწილიდან და მისი საქციელი გვაგონებს სულხან სულხანიშვილის ქცევას, რაზეც ასევე საუბრობს ირაკლი რაზმაძე. თუმცა, ამ გადასახედიდან ძალიან ძნელია დადასტურებულად თქვა რაიმე, მაგრამ ვფიქრობ აქ ამ მოგონებებში ერთსა და იმავე ქორწილზეა საუბარი.
ელიზბარ მაყაშვილს წერს – „მეორე დღეს თელავის მოედანზე შეჯგუფებული ხალხი კითხულობდა კედელზე გაკრულ ფართო განცხადებას „კონტრევოლუციისთვის და იარაღით ხელში აჯანყების მოწყობისთვის საგანგებო კომისიის მიერ დაისაჯნენ უმაღლესი სასჯელით, დახვრეტით, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი დილის 5 საათზე შემდეგი პირები“. სია იწყებოდა დავითის სახელით. მაყრიონიდან მეტი არავინ გადარჩენილა. მაყრიონს აკლდა ერთი წევრი! დახვრეტილთა შორის არ ჩანდა სანდროს სახელი. ამ საბედისწერო ქორწილის შემდეგ საღამოს გაიღო ციხის კარი, საიდანაც ერთი პატიმარი გამოვიდა? იგი ქურდულად აქეთ-იქით იცქირებოდა, ვიღაცას ემალებოდა. სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ.
ამონარიდი თენგიზ სიმაშვილის წიგნიდან „ საბჭოთა რეპრესიები თელავში, ნაწილი l “.