ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მოსაკრებელი სამმაგდება
იანვრიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მოსაკრებელი სამმაგდება.
პარლამენტში დეპუტატებმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას გასული წლის 30 ნოემბერს მესამე მოსმენით, 81 ხმით დაუჭირეს მხარი.
ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონის პროექტით იცვლება კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა. კერძოდ, ხრეშის, ქვიშის მოპოვებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება – 0,6 ლარით, ნაცვლად 0.2 ლარისა.
„ქვიშა-ხრეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი რესურსია, რომლის საბაზრო ფასები მუდმივად მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს მოსაკრებლის შესაბამისობაში მოყვანა რესურსის საბაზრო ფასთან“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სადაც აღნიშნულია, დღეისათვის, საწყისი სააუქციონო ფასის გამოთვლისთვის 1 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ღირებულება 1.5 ლარით განისაზღვრება.
კანონპროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ აპარატია. მათი გათვლებით, მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება. 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, დაახლოებით 12 500 000 ლარის მობილიზება მოხდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.
„აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქვიშა-ხრეშის სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო 10 წლის მანძილზე ამ სექტორში მოპოვება სტაბილურად 2%-ით იზრდება. ქვიშა-ხრეშის ლიცენზიები ხშირ შემთხვევაში მოკლევადიანია და მოპოვებულ რაოდენობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ამასთან, ქვიშა-ხრეშის მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა.
ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა:
2019 წელი 4 473 211,5 ლარი;
2020 წელი 4 380 928,4 ლარი;
2021 წელი 6 276 127,1 ლარი;
2022 წელი 4 196 640,6 ლარი;
2023 წლის 9 თვე 2 268 626,9 ლარი
თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, მისი ამოქმედება 2024 წლის პირველი იანვრიდან მოხდება.