ახალი ამბები

კლიმატის ცვლილების შედეგი- იანვარში გურჯაანში ტყემლის და ქლიავის ხეები აყვავდა

იანვრის თვეში გურჯაანში ქლიავის და ტყემლის ხეები აყვავდა.

ინფორმაციას საკუთარ სოციალურ გვერდზე გურჯაანში მცხოვრები მარინე ზარდიაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, 6 იანვარს გურჯაანში 15 გრადუსი სითბო იყო, სწორედ თბილმა ამინდებმა განაპირობა იანვრის თვეში ხეების აყვავება.

,,სოფელ გურჯაანში ხდება ეს ამბავი. ზუსტად შობას გაყვავდა. ახალი, მწვანე ფოთლებიც გამოიტანა. შარშან იასამანი აყვავდა. 6 იანვარს ტემპერატურა 15 გრადუსი იყო და გაყვავდება ხეხილი, აბა რა იქნება. ხეხილმა კალენდარი არ იცის, მისი კალენდარი მზეა.როგორც კი მზის სითბოს იგრძნობს, იღვიძებს და ცოცხლდება”,- განუცხადა knews.ge-ს მარინა ზარდიაშვილმა.

თბილი ამინდების გამო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე მიიღეს თუთის, მარწყვის მოსავალი და გაყვავდა ისეთი ჯიშის ყვავილები, რომელიც გაზაფხულზე ყვავდება. დარგის ექსპერტების თქმით, ეს გლობალური დათბობის შედეგია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ბევრ პრობლემას მოიტანს.

მათივე თქმით, გარდა არასეზონური მოსავლის მიღებისა, გლობალური დათბობის გამო, ასევე კახეთის რეგიონში გავრცელდა სხვადასხვა სახის მღრღნელები და მავნებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობას და ზოგადად სხვადასხვა სახის კულტურებს საფრთხეს უქმნიან.

,,რადგან ყინვები ნაკლებია, თოვლი არ არის, წვიმები არ არის და ეს ხელს უწყობს სხვადასხვა მცენარის გაყვავებას და მავნებლების ინტენსიურ გამრავლებას. როდესაც კლიმატური ზონები ჩვეულებრივ დაცულია, ეს იქნება ტენიანობა თუ ტემპერატურული ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნაკლებია მათი პოპულაცია. თავისთავად, კლიმატის ცვილების გამო ახალი მწერები და დაავადებები გაჩნდა. ამას ცალკე შესწავლა და მერე ბრძოლა სჭირდება. უარესს უნდა ველოდოთ და არა უკეთესს იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილება ბევრ რამეს გამოიწვევს,’’– აცხადებს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი.

 

ნახეთ ასევე ამავე თემაზე:

კლიმატის ცვლილების შედეგი- სოფელ ტიბაანში, დეკემბერში თუთის მოსავალი მიიღეს