ახალი ამბები

კლიმატის ცვლილების შედეგი- სოფელ ტიბაანში, დეკემბერში თუთის მოსავალი მიიღეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, დეკემბრის თვეში თუთის მოსავალი მიიღეს.

ფოტოს და ინფორმაციას ადგილობრივი, სათემო კავშირი „ნუკრიანის“ დირექტორი, მაია ბიძინაშვილი ავრცელებს და აცხადებს, რომ ზამთარში, დეკემბრის თვეში, თუთამ დაისხა და მოსავლის აღებაც მოასწრო.

,,ეს არის გლობალური დათბობის შედეგი. როცა ეს გამოვაქვეყნე, აღმოჩნდა რომ მსგავსი ფაქტები სხვაგან დაფიქსირდა. ნაფარეულში კი ვაშლის მოსავალი მიიღეს. ასევე გურჯაანსა და ლაგოდეხში ალუჩის მოსავალიც მიუღიათ”,- აცხადებს მაია ბიძინაშვილი.

კახეთში მცხოვრებლების თქმით, თბილი ამინდების გამო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე მიიღეს მარწყვის მოსავალი და გაყვავდა ისეთი ჯიშის ყვავილები, რომელიც გაზაფხულზე ყვავდება. ადგილობრივების თქმით, ეს გლობალური დათბობის შედეგია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ბევრ პრობლემას მოიტანს.

დარგის ექსპერტების თქმით, გარდა არასეზონური მოსავლის მიღებისა, გლობალური დათბობის გამო, ასევე კახეთის რეგიონში გავრცელდა სხვადასხვა სახის მღრღნელები და მავნებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობას და ზოგადად სხვადასხვა სახის კულტურებს საფრთხეს უქმნიან.

,,გამრავლებულია მაგალითად ლოკოკინა, რომელიც მავნებელია, ანადგურებს მცენარის მწვანე მასას და ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. როცა ლოკოკინების პოპულაცია გაზრდილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრინველები, რომლებიც ამ ლოკოკინებით იკვებებოდნენ აღარ არიან. გარდა ამისა, ისინი ცივსისხლიანები არიან და არსებული კლიმატური ცვლილებები მათზე გავლენას ახდენს. მათი ძილის პერიოდი შემცირებულია, რადგან ყინვები ნაკლებია, თოვლი არ არის, წვიმები არ არის და ეს ხელს უწყობს მათ ინტენსიურ გამრავლებას. როდესაც კლიმატური ზონები ჩვეულებრივ დაცულია, ეს იქნება ტენიანობა თუ ტემპერატურული ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნაკლებია მათი პოპულაცია. ბოლო პერიოდში ასევე გაზრდილია თაგვების და გველების რიცხვი. თავისთავად, კლიმატის ცვილების გამო ახალი მწერები და დაავადებები გაჩნდა. ამას ცალკე შესწავლა და მერე ბრძოლა სჭირდება. უარესს უნდა ველოდოთ და არა უკეთესს იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილება თავისთავად გამოიწვევს განსხვავებული მწერების გამოჩენას ჩვენს რეგიონში,’’- აცხადებს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი.