როგორ აღნიშნავდნენ შობა-ახალ წელს თუშეთში
უჩვეულოდ თენდებოდა “წელწდის” დილა თუშეთში. რიჟრაჟის წინ, ჯერ კიდევ უკუნ სიბნელეში რომელიღაც სოფელში იქუხებდა თოფი. ეს ხმა მთელს თუშეთს გადაუვლიდა და სადღაც დაღესტნისა და ქისტეთის ქედებს იქით გადაიკარგებოდა. ერთს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს – მესამე და მთელი თუშეთი კარგა ხანი თოფების ქუხილში იყო გახვეული.
მალე მეკვლეც მოადგებოდა კარს. თოვლიანი ფეხების ბარტყუნით შეაბიჯებდა სახლში და თან შეულოცავდა: “შემოვდგი ფეხი, შემომყვა ღმერთი, ფეხ ჩემი-დ კვალ ანგელოზისაი..”.
მერე შეიქმნებოდა გადაძახილ – გადმოძახილი, გადაპატიჟ – გადმოპატიჟება. შექეიფიანდებოდნენ კაცები, გაებმებოდა “ახია” – ოჯახიდან ოჯახში გადასვლა.
თუშები, ახალი წლის დღეებში იხდიდნენ თავიანთ მოვალეობებს ღვბთისა და კაცის, მიცვალებულთა სულების ხსოვნის, მტრისა თუ მოყვარის, შინაურისა თუ უცხო სტუმრის წინაშე და თვითონაც, ყოველდღიურ საზრუნავს გამოთიშულნი, ილხენდნენ და ხარობდნენ. დღესასწაულთა ამ ერთიან ციკლს თუშები სახელსაც ერთიანს “ქრის-წელწდობებს” ან შემოკლებიტ – “წელწდობებს” უწოდებდნენ.
წყარო:თუშეთის დაცული ლანდშაფტი