გამოკითხული მოსახლეობის რამდენი პროცენტი გრძნობს თავს დაცულად-NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა. კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?, – გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს – „დიახ“, 44 პროცენტი – „არა“, ხოლო გამოკითხულთა 9 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში გამოკითხულთა 30 პროცენტს მიაჩნდა, რომ საქართველოში იყო დემოკრატია, გამოკითხულთა 62 პროცენტის პასუხი იყო – „არა“, ხოლო რვა პროცენტი ამბობდა, რომ არ იცოდა. NDI-ის ცნობით, სხვებთან შედარებით, თბილისის მცხოვრებლები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყევეტელი ამომრჩევლები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ საქართველო არ არის დემოკრატია.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს. კერძოდ, კითხვაზე, ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად ან დაუცველად გრძნობ თავს საქართველოში, გამოკითხულთა 69 პროცენტი ამბობს, რომ თავს დაცულად გრძნობს, 30 პროცენტი ამბობს, რომ დაუცველად გრძნობს, ერთი პროცენტი კი აღნიშნავს, რომ არ იცის. ამასთან, NDI განმარტავს, რომ თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად გრძნობენ დიდი ქალაქების მცხოვრებლები, ქალები, 18-34 წლის ადამიანები და ოპოზიციის მხარდამჭერები.
NDI-ის კვლევის თანახმად, მოქალაქეები თავს დაუცველად ძირითადად სიღარიბისა და ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში თავს დაუცველად გრძნობენ სიღარიბისა და უმუშევრობის გამო. NDI-ის კვლევის თანახმად, მათგან, ვინც დაუცველად გრძნობს თავს, ახალგაზრდები უფრო მეტად კრიმინალსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებენ. მათგან, ვინც თავს დაუცველად გრძნობს, ქალები ამის მიზეზად უფრო მეტად ასახელებენ სიღარიბეს, კრიმინალსა და წამლებზე მაღალ ფასებს. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მათგან, ვინც დაუცველად გრძნობენ თავს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მთავარ მიზეზად სიღარიბეს ასახელებენ. ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო სივრცეებში მათი და მათი შვილების უსაფრთხოება დაცულია. NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისისა და დიდი ქალაქების მცხოვრებლები ოდნავ ნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.