იორმუღანლოს თემის მოსახლეობა საუბნო გზების რეაბილიტაციას ითხოვს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში შემავალ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დაზიანებული შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ითხოვს.
მათი თქმით, გზები იმდენად არის დაზიანებული, რომ მოსახლეობას გადაადგილება არათუ ფეხით, არამედ მანქანითაც ურთულდება. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი დაზიანებული გზის ვიდეოს ავრცელებს და knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემა განსაკუთრებით წვიმების დროს მწვავდება, რადგან გუბეები დგება და მოსახლეობა გზაზე მოძრაობას ვერ ახერხებს.
,,იორმუღანლოს თემში, ასფალტი გვაქვს მხოლოდ ცენტრალურ გზაზე, სოფელ თულარიდან დუზაგრამამდე. ამის იქით არის სოფლები, სადაც ასფალტი აღარც ცენტრალურ გზაზეა. ცოტა მოშორებით არის სოფელი კაზლარი, სადაც მოსახლეობას არ აქვს არც შიდა საუბნო და არც სოფლამდე მისასვლელი ნორმალური გზა. გზაზე, რომელზეც ვსაუბრობ და რომელიც დაზიანებულია, მოსახლეობა აქტიურად გადაადგილდება, ასევე ბავშვები დადიან სკოლაში ამ გზით. წლებია ეს პრობლემაა და არავინ გვინახავს, ვინც ამის მოგვარებაზე იზრუნებდა. იმდენად ცუდი სიტუაციაა, რომ მანქანითაც ვერ გადაადგილდება ხალხი. ზოგი აჩერებს მანქანას და ფეხით დადის’’,- აცხადებს თოზუ.
მისი თქმით, გარდა შიდა საუბნო გზების პრობლემისა, ასევე დაზიანებულია ცენტრალური გზის ასფალტის საფარი და მასაც დროულად სჭირდება რეაბილიტაცია.
,,შიდა გზებს რას ვჩივით, როცა ცენტრალურ გზაზეა დაზიანებული ასფალტის საფარი. ამ საკითხზე მოსახლეობამ, ერთობლივი განცხადებით, თვითმმართველობას მივმართეთ და გვითხრეს, რომ გეგმაშია მისი გაკეთება, შიდა გზებზე კი არაფერი ვიცით როდის ეშველება. ინფრასტრუქტურული კუთხით იმდენად ცუდი სიტუაციაა, რომ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი იორმუღანლოში. ადგილობრივ ბიუჯეტში იორმუღანლოს თემიდან, წელიწადში ორ ან სამ პრობლემას სვამენ ბიუჯეტში. მიჩვეულები ვართ ამას და ისეთი პრობლემების მოგვარებას ვითხოვთ, რაც საჩქაროა, მაგალითად წყალმომარაგების მოწესრიგებას’’,- აცხადებს თოზუ გულმამედლი.