სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი კანონი ექნება – შეიქმნება გადამხდელთა სააგენტოც
სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი მარეგულირებელი კანონი ექნება.
„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ – ასე ჰქვია საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციებს განსაზღვრავს. დოკუმენტზე პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით შეიმუშავა და დეპუტატების ჯგუფის მიერ მისი ინიცირება მომავალ წელს მოხდება.
როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ეს არის ევროპულ მოდელზე დაფუძნებული კანონპროექტი. დოკუმენტში პირველად გაჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების დეფინიციები, ასევე შემოდის ფერმერთა რეესტრის წარმოების პრაქტიკა.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ეს არის გადამხდელთა სააგენტოს შექმნა, რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. კანონით მას ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირების მანდატიც ექნება. როგორც ნინო წილოსანი აცხადებს, ეს იქნება ევროპული სტანდარტის უწყება, რა უფლებამოსილებასაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სოფლის განვითარების სააგენტო ფორმირების შემდეგ შეასრულებს.
„კანონპროექტი იქნება ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს და განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და წარმოებასთან დაკავშირებით მიზნებსა და ამოცანებს. რაც მთავარია, ამ კანონპროექტში პირველად ჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების განსაზღვრება, მათ შორის, თავად ფერმერთა რეესტრის წარმოების პრინციპები. აღნიშნული კანონი, მიღების შემდეგ, იქნება წინაპირობა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროგრამები გადავიდეს გადამხდელთა სააგენტოს პრინციპზე, რომელიც ევროკავშირის მოდელს წარმოადგენს და რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირის და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისგან კარგი თანამშრომლობის ფორმატები გვაქვს. სამინისტრო კი გეგმავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოახდინოს დღეს მოქმედი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ტრანსფორმაცია და გადააქციოს იგი თანამედროვე ევროპული სტანდარტის გადამხდელთა სააგენტოდ.
ძირითადად საუბარია იმაზე, რომ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არსებობს და შემდეგში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, იყოს უფრო მეტად მიმართული კონკრეტულ საჭიროებებზე და იყოს დაფუძნებული საერთო პოლიტიკის მიზნებზე, რომელიც გაზრდის თავად სექტორს და უფრო გააჯანსაღებს მას. ეს არის ევროპული მოდელი, რომელიც უფრო მეტ დეტალს გულისხმობს თავის თავში, რაც კანონქვემდებარე აქტებში გაიწერება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების რეესტრი, რომელიც თავს მოუყრის ფერმერებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით უკეთესად დაგეგმოს თავისი პოლიტიკა“,-განუცხადა ნინო წილოსანმა bm.ge-ს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საბჭოს შექმნას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და სრულყოფა იქნება. ასევე შეიქმნება ფერმერული მეურნეობების რეესტრი, ანუ ყოველწლიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანიც მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება იქნება.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყება. კანონის ძირითადი პრინციპების ძალაში შესვლა 2025 წლის იანვრიდან, ნაწილის – მათ შორის გადამხდელთა სააგენტოს საქმიანობის დაწყება და ფერმერთა რეესტრის წარმოება უკვე 2026 წლიდან არის გათვალისწინებული.