2022 წელს თხილი ყველაზე ძვირი კახეთში ღირდა – PMC
საქართველო თხილის გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო კონტრიბუტორია, რომელიც ნედლეულის ექსპორტით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშია.
გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით თხილის ექსპორტის 6.7%-იანი წილი სწორედ საქართველოზე მოდიოდა – ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
PMC-ის ინფორმაციით, ქართული თხილის თითქმის სრული, 97.7%-იანი წილი საქართველოს ხუთ რეგიონში იწარმოება. 2022 წელს თხილის ყველაზე დიდი მოსავალი სამეგრელო-ზემო სვანეთში მიიღეს. რეგიონების მიხედვით წარმოების განაწილება კი შემდეგია:
სამეგრელო ზემო სვანეთი – 42.2%
გურია – 20.7%
კახეთი – 12.9%
აჭარა – 12.0%
იმერეთი – 10.5%
სხვა რეგიონები – 2.1%
კვლევითი ცენტრის ცნობით, 2022 წელს თხილის წარმოება ყველაზე შესამჩნევად კახეთში გაიზარდა, რასაც ხელი ამინდის ხელსაყრელმა პირობებმაც შეუწყო. დანარჩენ რეგიონებში კი, 2021 წელთან შედარებით, კლების ტენდენციაა.
რაც შეეხება თხილის ფასებს, ის რეგიონების მიხედვით განსხვავდება. 2020-22 წლებში კახეთში წარმოებული თხილი ყველაზე ძვირი ღირდა. რაც შეეხება ნედლეულის ღირებულების სხვა რეგიონებზე გადანაწილებას, 2022 წელს ის ასე გამოიყურება:
1 კილოგრამი თხილის ფასი აშშ დოლარში:
კახეთი – 1.8
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1.3
იმერეთი – 1.3
აჭარა – 1.1
გურია 1.0
საქართველო – 1.3
აღსანიშნავია, რომ თხილის ფასებმა 2022 წელს შემცირების ტენდენცია დააფიქსირეს. 1 კგ თხილის ღირებულება ყველა რეგიონში, წლიურ ჭრილში საშუალოდ, 11.3%-ით შემცირდა.